ისრაელსა და “ჰამასს” შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დიდი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ბრძოლა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
Located in Gaza’s Islamic University: AK-47 rifles, cartridges, ammunition, Hamas flags and safes containing terrorist funds.
Troops also located dozens of weapon storage facilities, mortar shells, explosives, grenades and combat equipment in the area of the university.
You’d… pic.twitter.com/PoeKfThwAS
— Israel Defense Forces (@IDF) January 9, 2024
ისრაელის სამხედრო ძალები ამჟამად ყურადღებას ღაზის ცენტრალურ ნაწილსა და ქალაქ ხან იუნისზე ამახვილებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მისიით ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში თელ-ავივში ჩავიდა. იგი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. როგორც ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, სახელმწიფო მდივნის მისიის მთავარი მიზანია, არ დაუშვას ისრაელ-“ჰამასის” ომის რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდა.
მანამდე ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, სადაც მისი თქმით, მისია მცირედით, თუმცა მაინც წარმატებული აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ ქვეყნის მეთაურებმა მასთან პირობა დადეს, რომ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის აღდგენისა და მმართველობის დაგეგმვის საკითხებს განიხილავდნენ. იგი ტურნეს ეგვიპტეში ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრით დაასრულებს.
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: “რეგიონის რამდენიმე ქვეყანას ვეწვიე: თურქეთს, საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს. მსურს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გავუზიარო, თუ რა მოვისმინე ამ ქვეყნების ლიდერებისგან. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა შევხვდეთ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრებს და ვისაუბროთ თითოეული მათგანის ოჯახებისთვის დასაბრუნებლად გაწეულ დაუღალავ ძალისხმევაზე. სალაპარაკო ბევრია”.
იცხაკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი: “როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი ვიზიტი ისრაელში. ეს თქვენი მეოთხე ვიზიტია ომის დაწყების დღიდან. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ყველაფერს აკეთებთ ისრაელის უსაფრთხოებისა და გამარჯვების მხარდასაჭერად, რადგან ეს ომი თავისუფალი მსოფლიოს ღირებულებების წინააღმდეგაა მომართული”.
ამ ყველაფრის ფონზე, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი ღრმავდება. ომის დაწყების დღიდან ღაზის სექტორი საკვების, წყლის, საწვავისა და მედიკამენტების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. “იუნისეფის” ცნობით, არასრულფასოვანი კვებისა და სხვადასხვა დაავადების გავრცელების გამო მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ ღაზაში 9 მოქმედი საავადმყოფოა დარჩენილი, ჩრდილოეთში კი არცერთი.
კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ან სრულად განადგურდა წყლის, სანიტარული და ჯანდაცვის სხვადასხვა სისტემა. სუფთა წყლის ნაკლებობის და საგანგაშო სანიტარული პირობების გათვალისწინებით დევნილი ბავშვები და მათი ოჯახები ვერ ახერხებენ დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭირო ჰიგიენის დონის დაცვას.

ბოლო მონაცემებით, პალესტინის მხარეს გარდაცვლილთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა. “ჰამასის” მეთაურების წინააღმდეგ დაწყებული სახმელეთო და საჰაერო შეტევის გამო კი 58 000 პალესტინელი მძიმედ დაიჭრა, იძულებით გადაადგილებულია მოსახლეობის 85%.

ისრაელის მხარეს კონფლიქტს 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა დიდი ნაწილიც “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გარდაიცვალა. 250-ამდე ადამიანი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა.
“ჰამასი” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დამატებით მძევლებს არ გაათავისუფლებს მანამ, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს სამხედრო თავდასხმას ღაზის სექტორზე.
მიუხედავად ამისა, ისრაელი პირობას დებს, რომ “ჰამასის” გასანადგურებლად და დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.