მთავარიევროპაუკრაინამორიგი რუსული სარაკეტო იერიში უკრაინაში

მორიგი რუსული სარაკეტო იერიში უკრაინაში

არ წყდება რუსეთის სარაკეტო იერიშები უკრაინაში, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში, წინა დღეებისგან განსხვავებით,  შედარებით დაბალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები დაფიქსირდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე კვლავ ხარკივის, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები იყო. ოფიციალური ცნობებით, კრემლმა ძირითადად რაკეტებითა და შორი მოქმედების სისტემებით დაბომბა უკრაინის ტერიტორია.

„ერთ დღეში მოწინააღმდეგემ 11 სარაკეტო და 69 საავიაციო შტურმი მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ოკუპანტებმა 53-ჯერ დაბომბეს ჩვენი ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. სამწუხაროდ, დაიღუპა და დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ღამით რუსებმა ირანული წარმოების 8 უპილოტო საფრენი აპარატიც გამოიყენეს, თუმცა ყველა მათგანი ჰაერში გავანადგურეთ“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი ანდრიი კოვალოვი.

სხვადასხვა მედიაგამოცემა იუწყებოდა, რომ რუსეთი ხარკივის მიმართულებით ახალ, მასშტაბურ შეტევას აპირებდა. იერიში ჯერ კიდევ გასულ შაბათ-კვირას იგეგმებოდა. მედიაგამოცემების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შეტევის თარიღმა გადაიწია.

ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსეთის დაგეგმილი იერიშის შესახებ მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა სინეგუბოვი საკუთარ ტელეგრამარხზე წერს, რომ მოვლენები შესაძლოა ყოველ წამს შეიცვალოს. როგორც უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება, ბოლო 24 საათში ხარკივის მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობა არ ყოფილა.

ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად ოკუპანტებმა 440 სამხედრო დაკარგეს, განადგურდა 9 რუსული ტანკი, 14 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 13 საარტილერიო სისტემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend