ევროპის კონტინენტზე პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ სახელმწიფოებში მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგია ასეთი ძლიერი არ ყოფილა, გაზრდილია მისდამი ინტერესი. უნგრეთსა და იტალიაში მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები არიან მმართველობაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში კი მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები სარგებლობენ ყველაზე დიდი მხარდაჭერით. მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების რეიტინგი დიდი მნიშვნელობის მატარებელი იქნება ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში, რომელიც 2024 წელს 6-იდან 9 ივნისამდე გაიმართება და ეს იქნება ბრექსიტის შემდეგ ევროპარლამენტის პირველი არჩევნები.
ევროპაში დიდი ცვლილებებია.
რიგი ანალიტიკოსის მოსაზრებით მომავალი ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც 2024 წლის ივნისში შედგება, შესაძლოა, მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი პარტიებისთვის ტრიუმფის მომტანი გახდეს.
მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში უკვე ჩართულნი არიან ხელისუფლების მართვაში კოალიციის პირობებში, ან ერთპიროვნულად მართავენ სახელმწიფოს, როგორც უნგრეთში მაგალითად.
იაკუბ როგოვიეცკი ევროპარლამენტთან დაკავშირებული საკითხების მკვლევარია და მისი აზრით, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები მყარ მეორე ადგილს დაიკავებენ.
იაკუბ როგოვიეცკი, ევროპარლამენტთან დაკავშირებული საკითხების მკვლევარი: “ჩვენს ხელთარსებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის დეკემბერში მარი ლეპენმა და მატეო სალვინიმ საფრანგეთსა და იტალიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მოიპოვეს. მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს დიდი მხარდაჭერა აქვთ პოლონეთსა და უნგრეთშიც. ამ პარტიებს ნაკლებად აქვთ თანამშრომლობის პერსპექტივა და ამ გზით ევროპარლამენტსა თუ ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებში უმრავლესობის მოპოვების შანსი მცირეა. მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავებული მიდგომებია უკრაინაში მიმდინარე ომსა და მიგრანტთა კრიზისის შესახებ, გამომდინარე აქედან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პარტიებმა საერთო ენის გამონახვა შეძლონ”.
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც აქვთ, ევროპარლამენტის არჩევნები კი ყოველთვის ატარებენ ეროვნულ თვალსაზრისსა და განწყობებს.