1000-ამდე ავტომობილი და სატვირთო მანქანა ჰერბის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ კრისტიანსტადს შორის არსებულ საავტომობილო გზაზე ძლიერი ქარისა და თოვლის გამოა გაჩერებული.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანების უმეტესობამ საბოლოოდ შეძლო გავლა, რამდენიმე სატვირთო მანქანა კვლავ რჩება ადგილზე. შვედეთის ტრანსპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოძრაობა პარასკევს დილიდან აღდგება.
ზამთრის ამინდი კვლავ უქმნის პრობლემას მთელი ქვეყნის მოსახლეობას. თოვლის, ქარისა და მოყინული გზების გამო გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის სამხრეთში. ჩრდილოეთში ტემპერატურა მინუს 43 გრადუსამდე დაეცა.
დანიაშიც ქარბუქის გამო მძღოლებს ავტომაგისტრალებზე 21 საათის განმავლობაში მოუწიათ რიგში დგომა.
ევროპის სხვა რეგიონებში კი კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეულმა დატბორვამ სახლები დააზიანა დიდ ბრიტანეთში, რის გამოც ტიუქსბერის, ბერკშირისა და ნოტინგემშირის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
გერმანიაში ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე მოზელი კალაპოტიდან გადმოვიდა და კოხემის ქუჩები დატბორა. ძველ ქალაქში წყლის დონე კვლავ იმატებს, ის ახლა თითქმის 8 მეტრის ნიშნულზეა.
საფრანგეთშიც, პა-დე კალესა და ნორდის რეგიონებში, შესაბამისი სამსახურები წყლის ამოტუმბვაზე მუშაობენ. ეს ორი რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდა უხვი ნალექის გამო. წყლის ორი დიდი მოცულობის ტუმბო დამონტაჟდა დიუნკერკთან ახლოს, მარდიკშიც.