მთავარიაზიაისრაელი54 დღე ტყვეობაში

54 დღე ტყვეობაში

თითქმის სამი თვე გავიდა 7 ოქტომბრიდან. დღიდან, როდესაც ტერორისტები შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე, დახოცეს უდანაშაულო ადამიანები და გაიტაცეს მძევლები. ერთ-ერთი მძევალი, რომელიც ფესტივალზე შეჭრის შემდეგ გაიტაცეს და რომელმაც ღაზის სექტორში ტყვედ 54 დღე გაატარა ისრაელისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქე, 21 წლის მია შემია. ისრაელელი ქალი ამბობს, რომ პალესტინელი გამტაცებელი მას სხეულზე ეხებოდა და მძევლად ყოფნის რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივ შიშში უწევდა ცხოვრება. სწორედ მია შემი იყო პირველი მძევალი, ვისი ვიდეოც “ჰამასმა” გაავრცელა. მისი ვიდეოს ნახვის შემდეგ მსოფლიოს გაუჩნდა იმედი იმისა, რომ “ჰამასის” მძევლები ცოცხლები იყვნენ. ვიდეოში მია შემი საწოლში წევს, მას მარჯვენა ხელს უხვევენ და ის ამბობს, რომ სახლში დაბრუნება სურს. მია შემი თავს დამნაშავედ გრძნობს სხვა მძევლების ღაზაში დატოვების გამო.

მია შემი: ფესტივალზე ვიყავი, მომენტალურად ყველაფერი შეიცვალა და აფეთქება დაიწყო. კარგად არ მახსოვს ზუსტად მოვლენების განვითარება, მაგრამ მახსოვს ის, რომ ჩემი მეგობრის დამწვარ მანქანაში ვიყავი და  “ჰამასის” წევრმა არაბულად მითხრა მოდიო. ძალიან შემეშინდა, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ან უნდა დავრჩენილიყავი და დავმწვარიყავი ისევე როგორც ყველაფერი, რაც ფესტივალის ადგილზე რჩებოდა, ან უნდა წავსულიყავი მათთან ერთად. ჩემს თავს ვუთხარი, რომ არ მინდოდა სიკვდილი და “ჰამასის” მებრძოლს გავყევი.

რამდენიმე წუთში მკლავზე ხელი მომკიდა. შეხება დამიწყო. სხეულის ზედა ნაწილზე მეხებოდა. ყვირილი დავიწყე. დაინახა ჩემი ხელი, ჭრილობა მქონდა სხეულიდან თითქმის სრულად მოწყვეტილი. და გაჩერდა, არ ვიცი, ალბათ შეეშინდა.

შემდეგ მანქანა გააჩერეს და მითხრეს: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღაზაშიო. იმის გასააზრებლად რომ გამიტაცეს, მძევალი ვიყავი და თან ღაზაში მიმიყვანეს, დრო დამჭირდა.

შემდეგ კი “ჰამასის” ამ მებრძოლმა, რომელმაც ფესტივალიდან წამომიყვანა, მის სახლში წამიყვანა, ბნელ ოთახში გამომკეტა. არც არაფერი მესმოდა და გარშემო ვერც ვერაფერს ვხედავდი. ვხედავდი მხოლოდ მას, რომელიც არ მშორდებოდა და დაჟინებით მიყურებდა, თვალს არ მაცილებდა და მე ისიც კი არ ვიცოდი, დღე იყო თუ ღამე, ან რამდენი დღე და ღამე გრძელდებოდა ეს…

ჟურნალისტი: ფანჯრები არ იყო?

მია შემი: არა და დროის შეგრძნება საერთოდ არ არსებობდა.

ჟურნალისტი: ახერხებდი დაძინებას?

მია შემი: ვერა, მე 54 დღის განმავლობაში არ მეძინა. შეიძლება დღეში მხოლოდ ერთ საათით დამეძინა.

ჟურნალისტი: მართლა?

მია შემი: და თქვენ შეძლებდით დაძინებას მაშინ, როცა ტერორისტი გიყურებთ? დაჟინებით გიყურებთ…

ტერორისტი, რომელსაც მძევლად ვყავდი აყვანილი, ცოლი ჰყავდა. ამ ქალს სულ უფრო და უფრო სძულდა ის ფაქტი, რომ მე მათთან ვიყავი და მისი ქმარი ჩემს ოთახში იჯდა დღეც და ღამეც და მიყურებდა. ამ ქალს შემოჰქონდა ხოლმე საჭმელი და მე იმდენად ვძულდი, რომ ხანდახან მხოლოდ მისი ქმრისთვის შემოჰქონდა საჭმელი და მე მაშიმშილებდა. მსჯიდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამას აკეთებდა. მათი შვილები კი დროდადრო შედიოდნენ ჩემთან და ისინიც მიყურებდნენ. თავს ისე ვგრძნობდი როგორც ზოოპარკში, გალიაში გამომწყვდეული ცხოველი.

ჟურნალისტი: დაამყარეთ რაიმე სახის ურთიერთობა გამტაცებელთან?

მია შემი: კი. მეშინოდა რომ გამაუპატიურებდა. ამის იმდენად მეშინოდა, რომ გადავწყვიტე მასთან მეგობრული ურთიერთობა დამემყარებინა.

ისრაელში დაბრუნებამდე 4-5 დღით ადრე გვირაბში ჩამიყვანეს. ეს იყო მომენტი, როდესაც მე და ჩემი გამტაცებელი ერთმანეთს დავშორდით და იმ წამს მივხვდი, რომ მე ამ გვირაბებს თავს ვეღარ დავაღწევდი. მიწის ქვეშ 50-60 მეტრის, შეიძლება 70 მეტრის სიღრმეზე ჩავედით. საშინელი უჰაერობა იყო. არ იყო საჭმელი, ღია ჭრილობით ვიყავი, ვერ ვიღებდი ჩემთვის აუცილებელ მედიკამენტებს. გვირაბებში “ჰამასის” მაღალი რანგის წევრები იყვნენ.

ჟურნალისტი: გვირაბში ყოფნის დროს სხვა მძევლებს თუ შეხვდი?

მია შემი: დიახ, თუმცა ამაზე ბევრს ვერ გეტყვით. მე, 6-7 ადამიანთან ერთად ვიყავი 2 კვადრატულ მეტრში და დღეში მხოლოდ ერთ პატარა ნაჭერ პურს მაძლევდნენ.

იცით, საშინელი შეგრძნება მქონდა, როცა გავიგე, რომ მე ამ გვირაბებიდან გამოვიდოდი, მაგრამ სხვა მძევლები ისევ იქ დარჩებოდნენ. მათ ბოდიშებს ვუხდიდი იმის გამო, რომ მე გადავრჩი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მძევლები მეუბნებოდნენ: მია, გთხოვ, გთხოვ, უთხარი არ დაგვივიწყონო და მე ვამბობდი: ბოდიში, ბოდიში, რომ მე აქედან გავდივარ.
ამ ყველაფერს ვერ ვივიწყებ. იცით, თავიდან ვერ ვიგდებ იმ დღეებს, როცა ტყვედ ვიყავი ღაზაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend