ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. ისრაელის ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, “ჰამასთან” ომი რამდენიმე თვეს გასტანს. სამხედრო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი კი კვლავ ცენტრალური ღაზის სექტორია. მთავარი ბრძოლები სექტორის სიდიდით მეორე ქალაქის ხან იუნისის ქუჩებში მიმდინარეობს, შედარებით მცირე მასშტაბის შეტაკებებია ასევე ისრაელის ჩრდილოეთ სახელმწიფო საზღვარზე “ჰეზბოლას” შენაერთებსა და ასევე დასავლეთ სანაპიროზე ადგილობრივ გასამხედროებულ ორგანიზაციებთან.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის 87-ე დღეს ამ უკანასკნელის მაღალჩინოსანი სალეჰ ალ არური ქალაქ ბეირუთში მოკლეს.
პოლიტიკური დეკაპიტაციის ფონზე მიმდინარეობს კონვენციური სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორის ორ უდიდეს ქალაქში, ღაზასა და ხან იუნისში.
“ჰამასის” მებრძოლები ცდილობენ, რომ ისრაელის არმიას ქალაქ ღაზის რიგ რაიონებში წინააღმდეგობა გაუწიონ, მძიმე ბრძოლა იმართება ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქში, ხან იუნისშიც.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად შეიარაღების მწარმოებელი რამდენიმე საამქრო გაანადგურეს.
7 ოქტომბრის მერე მიმდინარე ომის ფონზე ღაზის სექტორის დასახლებები მეტად დაზიანებულია. ორი უდიდესი ქალაქი ღაზა და ხან იუნისი კი თითქმის მთლიანად დანგრეულია.
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ქალაქ ღაზასა და ხან იუნისში ჩვენი ჯარისკაცები განსაკუთრებულ პირობებში აწარმოებენ ომს, მიზანია, რომ რაც შეიძლება შემცირდეს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი, ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან მიწისქვეშაც, “ჰამასის” მიერ გაყვანილ გვირაბებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს გამოწვევა. ტერორისტები ვერსად დაგვემალებიან და ყველა მათგანი აგებს პასუხს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე”.
Take a walk through Hamas’ underground tunnels below Gaza’s Shifa Hospital— we made sure the video was 360° so you can take in the terrorism and exploitation of civilians from all angles.https://t.co/uhtZ3otDT5
— Israel Defense Forces (@IDF) January 3, 2024
“ჰეზბოლას” ლიდერი კი აცხადებს, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომმა პალესტინელი ერის მებრძოლი სულისკვეთება გამოაცოცხლა და ეს ომი ისრაელისთვის მარცხითა და საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციის შელახვით დასრულდება.
საეიდ ჰასან ნასრალაჰ, ორგანიზაცია “ჰეზბოლას” ლიდერი: “პალესტინელი ერის მეომარი სული აღდგა, მთელი მსოფლიო მხარს უჭერს პალესტინელი ერის მამაც, შეუპოვარ და მძიმე ბრძოლას თავმოყვარეობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ მხარეს მონები არ არიან, მხოლოდ თავმოყვარე ადამიანები და გმირი ლიდერები, რომელთა დამსახურებითაც გამარჯვება ჩვენი იქნება”.
Very disturbed by high-level Israeli officials’ statements on plans to transfer civilians from #Gaza to third countries. 85 percent of people in Gaza are already internally displaced. They have the right to return to their homes. Int’l law prohibits forcible transfer of protected… pic.twitter.com/LMFxa9ur9N
— UN Human Rights (@UNHumanRights) January 4, 2024
“ჰამასსა” და ისრაელს შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შედეგად ისრაელის მხარეს 1200-ამდე ადამიანი დაიღუპა, 240 კი ტყვედ აიყვანეს, მათი ნახევარი ამჟამად თავისუფალია, პალესტინურ მხარეს კი მსხვერპლი 20 ათას ადამიანს აჭარბებს, ღაზის სექტორის მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა.