მთავარისაქართველოამბროლაურის მუზეუმი - დიდი ხელოვნება შეუფერებელ პირობებში

ამბროლაურის მუზეუმი – დიდი ხელოვნება შეუფერებელ პირობებში

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის კედლებს  მეოცე საუკუნის  ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები ამშვენებს.

ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი, ავთო ვარაზი და სხვები…  –  ასეთი  ექსპოზიცია ბევრი ცნობილი გალერეისთვის იქნებოდა სანატრელი, მაგრამ აქ, ამბროლაურის კულტურის სახლის მეორე სართულზე  განთავსებულ სახვითი ხელოვნების მუზეუმში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, რათა ამ ნამუშევრების შენახვისთვის სათანადო პირობების შექმნა შეძლონ.

„მოცემულ მომენტში ამბროლაურში მუზეუმისთვის უკეთესი შენობა არ არსებობს. ეს შენობა მუზეუმისთვის არასტანდარტულია. განათებისა და ტემპერატურული რეჟიმის ნორმებს ვერ ვიცავთ“, – წუხს ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელი ბესო კობახიძე.

მუზეუმის ხელმძღვანელი, ბესო კობახიძე, გვიყვება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მუზეუმს წლებია ახალი შენობის აშენებას, ან ძველის გარემონტებას ჰპირდება.

„დაახლოებით 5-6 წელია ამ შენობის რეკონსტრუქციაზე საუბრობენ. მუზეუმისთვის ცალკე ფართი უნდა გამოიყოს საჭირო მახასიათებლებით, ტემპერატურული რეჟიმით, განათებით და ა. შ. როგორც ამბობენ, თანხის მოძიებაზე მუშაობენ. შემდეგ რემონტი დაიწყება და იმედია, ახალი მუზეუმიც იქნება“, -ამბობს ბესო კობახიძე.

ამბროლაურის მერი, ზვიად მხეიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტისთვის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მნიშვნელოვანია, მერია ნამუშევრების უსაფრთხოებაზე ზრუნავს და კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძვირადღირებული პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა, თუმცა საჭირო ფინანსების მოძიება ვერ მოხერხდა. მერი გვეუბნება, რომ ზუსტად არ იცის, როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები, თუმცა ფიქრობს, რომ მომავალ წელს შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციას მაინც შეძლებს.

„მუზეუმის რეაბილიტაციაზე დიდი ხანია ვფიქრობთ. რამდენიმე წლის წინ პროექტიც შევისყიდეთ და მოვამზადეთ. ვფიქრობდით ახალი მუზეუმის მშენებლობაზეც, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე, არსებულ შენობაში მის გაფართოებასა და შესაბამისი პირობების შექმნაზე. პროექტი ძალიან ძვირადღირებულია. დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე ჯდება მთლიანი რეაბილიტაცია“, – ამბობს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.

მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშები 1991 წელს რაჭაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისას განადგურებას გადაურჩა, მაგრამ დღეს, ისეთი პრობლემის წინაშე დგას, რომელმაც შესაძლოა, ეს მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა საფრთხის წინაშე დააყენოს. დიდი ოსტატების ტილოები და ნამუშევრები, შესაფერის შენობაში უნდა ინახებოდეს. ამბროლაურის კულტურის სახლის არსებული  შენობა კი, მუზეუმისთვის არასტანდარტული და შეუფერებელია. აქ მუზეუმში დაცული ნამუშევრებისთვის საჭირო ტემპერატურული პირობების შექმნა და შესაფერისი განათების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

მუზეუმი მხატვარმა, ნიკოლოზ მეტონიძემ 1965 წელს დააარსა. მან აქ პირველი ექსპონატები შემოიტანა და პატარა კოლექცია შექმნა. მოგვიანებით, მხატვართა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოს მუზეუმებში ნამუშევრებს სწორედ მხატვართა კავშირს დაქვემდებარებული სამხატვრო ფონდი ანაწილებდა. აქ ეტაპობრივად გროვდებოდა ქართული სახვითი ხელოვნების სრულიად უნიკალური ნიმუშები – იმ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა ტილოებიც დღეს მსოფლიოს არაერთ დიდებულ მუზეუმს ამშვენებს. ამჟამად კოლექცია 600-ზე მეტ ფერწერულ, გრაფიკულ და სკულპტურულ ნამუშევარს ითვლის.

მუზეუმის ხელმძღვანელი ამბობს,  რომ არ ახსენდება ქართველ სტუმარს, ან უცხოელ ტურისტს, ეს სივრცე აღფრთოვანების გარეშე დაეტოვებინოს. მართლაც, სრულიად შთამბეჭდავია, რომ ამ პატარა ქალაქში, კულტურის სახლის ფერწერული ტილოებისათვის ზედმეტად განათებულ დარბაზში, დიდი ქართული ხელოვნება ცოცხლობს. ახლა მნიშვნელოვანი მუზეუმში განთავსებული ნამუშევრების შენახვისთვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend