მთავარისაქართველობიჭი, დრაკონი და ახალი წელი

ბიჭი, დრაკონი და ახალი წელი

ნაძვისხეზე დაკიდებული არცერთი სათამაშო არ არის ნაყიდი, ისინი ირა დარჩიაშვილმა თავისი ხელით შექმნა. თავიდან მან აი, გააკეთა ეს ბატები, რომლებიც ბამბისგან დაამზადა. ამბობს, რომ თითოეული სათამაშო ერთმანეთისგან განსხვავებულია და მათი კეთებისას ცდილობს, რომ თითოეულისგან დადებითი ემოცია მოდიოდეს.

„ბამბის სათამაშოს გაკეთება ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო,  ბევრი წვალების შედეგად… ალბათ, ყველა საქმეში ასეა, ჩემი საკუთარი ტექნიკა გამოვიმუშავე, გადავწყვიტე, რომ ყოფილიყო თავიდან ბოლომდე ხელით გაკეთებული. სახეებიც, ყალიბი კი არ ყოფილიყო, არამედ  ბამბის. და თითოეულში უნდა ჩამედო თავისი ხასიათი. ერთდროულად  რამდენიმეს ვაკეთებ, მაგრამ ყველა ფენას იმდენად ბევრი შრომა უნდა, რომ ძირითადად ამას მიაქვს დრო, მერე ის ყველა დეტალი, პატარა თვალი, პატარა მძივი, პატარა ტუჩი, ცხვირი, ყველაფერი ძალიან დასაფიქრებელია  იმიტომ, რომ თითოეულმა დეტალმა შეიძლება ხასიათი შეუცვალოს და საერთოდ სხვაგან წაგიყვანოს“,- ამბობს მეთოჯინე ირა დარჩიაშვილი.

ირა დარჩიაშვილი  უკვე რამდენიმე წელია, რაც თოჯინებს აკეთებს, თუმცა ნაძვისხის სათამაშოების კეთება შარშან დაიწყო. ამბობს, რომ წელს უკეთესი გამოუვიდა  და ტექნიკა უფრო დახვეწა.

„იმდენი რაღაცის მოფიქრება შეიძლება… ვფიქრობ, რომ ამ ბამბის სათამაშოებით არ ამოვწურე ჩემი ფანტაზია, ბევრი რაღაც მაქვს ჩაფიქრებული, ბევრი ტიპაჟი… ალბათ, მომავალ ახალ წელს უფრო მეტი ნამუშევარი მექნება“.

ეს კი ირა დარჩიაშვილის თოჯინაა, ბიჭს მწვანე დრაკონი ჰყავს ხელში აყვანილი და სხვა სათამაშოებთან ერთად ელოდება  ახალი წლის დადგომას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend