მთავარისაქართველოქალთა მიმართ ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა

2023 წლის მიმოხილვა

815 არასრულწლოვანი ორსული, არასრულწლოვან ასაკში შესაძლო ქორწინების 171 ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო – ასეთია სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, რომელიც წელს გამოქვეყნდა და წინა წლის მონაცემებს ასახავს. არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინებისა და ორსულობის ფაქტების მხრივ გამონაკლისი არც 2023 წელი ყოფილა. გასული წლის წლიური ანგარიში და სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა იყო არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის მთელი ქვეყანა შეძრა 14 წლის აითაჯ შახმაროვას ამბავმა. მას მამაკაცმა, რომელიც თავს აითაჯის ქმარს უწოდებდა, იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლა მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი იძულებითი ქორწინებიდან თავის დაღწევასა და გაქცევას ცდილობდა.

იძულებით და ადრეულ ასაკში ქორწინებაზე საუბრისას უფლებადამცველები სხვადასხვაგვარ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. საქართველოში ეროვნული კანონმდებლობა საკმაოდ გამკაცრებულია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ არ იცნობს კარგად კანონის მოქმედებას. მეორე მხრივ კი, არის შემთხვევები, როდესაც მოძალადეებმა კარგად იციან კანონის მოქმედების შესახებ, მაგრამ თავის არიდების მცდელობაა.

2023 წელი რთული იყო ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხითაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის მხოლოდ 9 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 4 977 მსხვერპლი ქალია. ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1764 შემთხვევა გამოვლინდა, ფსიქოლოგიურის 6029, ეკონომიკურის 76.

ეკონომიკური ძალადობა გენდერული და ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი გამოხატულებაა. თუმცა ის ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ფორმად რჩება. ეკონომიკური ძალადობა ეს არის ქცევა, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებსა და პოტენციალს.

ქალთა მიმართ ძალადობა ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებშიც იყო ნახსენები. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის “გაერთიანებული ძალისხმევით გაძლიერდეს სვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად” შესრულებაში დაეხმარა. ეს რეკომენდაცია ევროსაბჭომ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში შესრულებულ პუნქტად ჩათვალა.

ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული უთანასწორობის მწვავე და სავალალო გამოვლინებაა. ამ უთანასწორობასა და ქვეყანაში არსებულ სავალალო მდგომარეობას კიდევ ერთხელ გამოხატავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევა, სადაც წერია, რომ საქართველოში ყოველ მეორე ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend