მთავარისაქართველოოქროს მონეტა ქადაში

ოქროს მონეტა ქადაში

მარიამ არაქელოვა თავის შვილებსა და დისშვილთან ერთად ახალი წლისთვის ემზადება. ბავშვები ნაძვისხეს რთავენ და მოუთმენლად ელიან 12 საათის დადგომას. მარიამი კი საახალწლოდ სხვადასხვა კერძს ამზადებს, მათ შორის საცივსა და ტოლმას. აცხობს ქადებს და გოზინაყს ამზადებს. ამბობს, რომ მათ საახალწლო სუფრაზე  სომხური ტრადიციული კერძებიც იქნება და ქართულიც. შემდეგ  მარიამი სომხური ქადის გამოცხობის ტრადიციაზე გვიამბობს.

„ძველი ტრადიციის თანახმად, ქადაში დებდნენ ოქროს მონეტას და იმ წელს, ვისაც შეხვდებოდა მონეტა, ითვლებოდა, რომ ის იქნებოდა ყველაზე ბედნიერი და წარმატებული ადამიანი ოჯახიდან. როდესაც უკვე ქრისტიანობა შემოვიდა სომხურ კულტურაში, ეს შენარჩუნდა და მოხდა მისი მოდიფიკაცია ქრისტიანულ კულტურაში, კერძოდ, საშობაო როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს, ასევე სომხური ეკლესიაც აღნიშნავს შობას 6 იანვარს.  მარხვა ერთი დღით წყდება და სომხები ეკლესიურად ამას „მიჩინგს“ ვუწოდებთ.  და იმ დღეს არის ხოლმე ხსნილი და შესაძლებელია ქადის მირთმევა, ხსნილის დროს ძველი ტრადიცია შენარჩუნდა, იდება მონეტები და ეკლესიებში რიგდება ქადები მრევლისთვის“, – ამბობს მარიამ არაქელოვა.

სოფიას, ელენესა და ლუკას ახალი წელი განსაკუთრებით უყვართ, ამბობენ, რომ ძალიან უხარიათ, როცა 12 საათი დგება და მთელი ოჯახი ერთად იკრიბება.

„ახალი წელი არის ჩემთვის ოჯახის წევრების ერთიანობა, როცა ყველა ოჯახის წევრი ერთად არის, ძალიან მიყვარს ხოლმე ნაძვისხესთან რომ ვიკრიბებით,  ძალიან ველოდები… ჩემს დაბადების დღეზე მეტად მიყვარს ახალი წელი“, – ამბობს ელენე ბულოიანი, მარიამის შვილი. 

“ახალი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახი მთლიანად ვიკრიბებით, აღვნიშნავთ ახალ წელს გვიანობამდე, შემდეგ როდესაც 12  საათი შესრულდება, ყველა მივდივართ ნაძვისხესთან, რომ საჩუქრები ავიღოთ, ეგ მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად, როცა საჩუქრებს ვიღებთ და როცა ვეხმარები სუფრის გაწყობაში“, – ამბობს ლუკა რურუა, მარიამის დის შვილი. 

მარიამს სჯერა, რომ  ახალ წელს როგორც შეხვდება, სწორედ ისეთი წელი ექნება. ამბობს, რომ 2023 წელი მისთვის ძალიან კარგად დასრულდა და მომავალი წლის სურვილებს გვიზიარებს.

„მინდა მოგილოცოთ ახალი წელი თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა თუ მრწამსისა, ვუსურვო პირადი წარმატება, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ბედნიერება. ჩვენს ქვეყანას მინდა, რომ ვუსურვო მშვიდობა და განვითარება იმ ევროპული პერსპექტივისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ წელს და ძალიან კარგი დასასრული იყო ეს 2023 წლის. აი, ამ პერსპექტივის ბოლოში გასვლას ვუსურვებ ჩვენს საზოგადოებას, რადგან ეს არის ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი იმედი და სურვილი, რომ მომავალი თაობა და ჩვენც, რატომაც არა, რომ მოვესწროთ იმ კეთილდღეობას, რასაც ითვალისწინებს ევროპული საზოგადოება“, – ამბობს მარიამ არაქელოვა. 

სუფრა უკვე სრულადაა გაწყობილი, დგება ახალი წელი და მარიამ არაქელოვა ბავშვებთან ერთად მომავალზე, ახალ საზრუნავსა და იმედებზე ფიქრობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend