მთავარისაქართველომუსიკის ხმა ამბროლაურში

მუსიკის ხმა ამბროლაურში

პირველი, რაც ამბროლაურში ჩასვლისას იგრძნობა – უჩვეულო სიჩუმეა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდი ქალაქის ყოველდღიურ ხმაურს არის შეჩვეული.

ქალაქი ხალხისა და ავტომობილებისგან დაცლილი ჩანდა, არადა არც დასვენების დღე იყო, არც დღესასწაული. ამ მხრივ, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლის მიდამო მოულოდნელი ჟრიამულით გამოირჩეოდა.

სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები 4-დან -17 წლამდე არიან. კლასები კი სხვადასხვაგვარი აქვთ: ხალხურ საკრავთა, საესტრადო ვოკალური, გიტარის ჯგუფები და ქორეოგრაფიული კლასები. პედაგოგები ამბობენ, რომ ახალგაზრდები, ძირითადად ქართული ტრადიციული ცეკვებითა და ხალხური საკრავებით ინტერესდებიან.

„წელს ძალიან დიდი ნაკადი მოგვაწყდა. ძალიან კარგია რომ დაინტერესება არის ხელოვნებისა და ფოლკლორის მიმართ და ძალიან მიხარია“, – ამბობს ნესტან ბუაძე, ხალხურ საკრავთა ორკესტრის ,,საპოვნელა” ხელმძღვანელი.

დავით თორაძის სახელობის ამბროლაურის სამუსიკო სკოლა 1957 წელს დაარსდა. მაგრამ 2011 წლამდე სკოლას შენობა არ ჰქონდა და კულტურის ცენტრში რამდენიმე ოთახი იყო გამოყოფილი. დღეს აქ 300-მდე მოსწავლე ირიცხება.

ამბროლაურის მოზარდების გარდა, სამუსიკო სკოლაში მიმდებარე სოფლებიდანაც დადიან. და მათ საგანგებოდ მიმაგრებული ტრანსპორტი ემსახურება.

„ბავშვები გვყავს შორი სოფლებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ახერხებენ ბავშვები (სიარულს). არის სპეციალურად გამოყოფილი სამარშრუტო ტაქსები, რომლებსაც ბავშვები გადაჰყავთ, რათა მოვიდნენ გაკვეთილებზე და შემდეგ დაბრუნდნენ უკან“, – ამბობს ლალი დვალი, სკოლის დირექტორი.

სკოლის სივრცე რომ პატარაა შენობაში შესვლისთანავე ჩანს. სარეპეტიციო ოთახები პატარაა, და ერთი ოთახი რამდენიმე ფუნქციას ითავსებს. მასწავლებლები შენობის სივიწროვით გამოწვეულ პრობლემებზე ლაპარაკობენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

სამუსიკო სკოლა ამბროლაურის ბავშვებისა და მოზარდებისათვის, მხოლოდ მეცადინეობის ადგილი არ არის. მაღალმთიან რეგიონებში ცოტაა ახალგაზრდების ინტერესებისათვის განკუთვნილი და გასართობი ადგილები. სამუსიკო სკოლა კი მათი შეკრებისა და ურთიერთობის ადგილადა იქცა.

„სკოლაში სიარული ძალიან მიყვარს იმიტომ, რომ ვმღერით, ვცეკვავთ და ვერთობით“, – ამბობს თეკლა რეხვიაშვილი, სკოლის მოსწავლე.

„კონცერტები გვაქვს ხოლმე და სცენაზე გამოვდივართ გაპრანჭულები. მომწონს ხალხი რომ გვიყურებს“, – თქვა ანა სოხაძემ, სამუსიკო სკოლის მოსწავლემ.

„რაც ამ სკოლაში დავდივარ არის მეხუთე წელი. ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ და კარგ დროს ვატარებ“, – ამბობს ლაზარე რატიანი.

სამუსიკო სკოლის მნიშვნელობაზე ადგილობრივი მოსახლეობაც საუბრობს – მათი აზრით, ბავშვებისთვის აუცილებელია, ისეთი ადგილების არსებობა, სადაც ახალგაზრდები შეკრებასა და აზრების გაცვლას, ურთიერთობასა და ინტერესების დაკმაყოფილებას შეძლებენ.

ორშაბათიდან ქალაქის სიმყუდროვეში ისევ გაისმება ამბროლაურის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა შეძახილები და პიანინოსა თუ დოლის, დავლურის ხმები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend