მთავარიმსოფლიო2023 წლის ომების ქრონიკა

2023 წლის ომების ქრონიკა

2023 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების წელი იყო. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არაერთხელ გაისმა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაც. ომი იყო ამიერკავკასიაშიც, ომი მძვინვარებს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. დღევანდელ მიმოხილვაში შევაჯამებთ სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის  სამ ძირითად კერას: რუსეთის ომს უკრაინაში, ისრაელ-“ჰამასის” ბრძოლასა და ყარაბაღის ომს, რომელმაც, გარკვეულწილად, ამიერკავკასიის უსაფრთხოების სურათი შეცვალა.

უკრაინაში მკვეთრად გაუარესებული კლიმატური პირობების ფონზე ორივე მხრიდან იერიშების ტემპმა და სიჩქარემ იკლო. ომის ძირითადი მიმართულება კვლავ სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფლანგებია. სამხრეთით აქტიურია ხერსონთან მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირი, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში  უკრაინულ არმიას ახალ მიმართულებაზე მიაქვს იერიში.  ასევე მნიშვნელოვანია სამხრეთ ფლანგზე რობოტინოს მიმართულება, სადაც ბოლო მონაცემებით, მცირე წინსვლა ჰქონდათ რუსულ საოკუპაციო ძალებს. თუმცა თუ დავეყრდნობით უკრაინის ოფიციალურ ინფორმაციას, ფრონტის ამ მიმართულებაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა. რაც შეეხება ავდიივკისა და ბახმუტის ფლანგებს, ვითარება აქაც უცვლელია. რუსული საოკუპაციო ძალები დონეცკის ჩრდილოეთით დასახლება ავდიივკის აღებას ცდილობენ,  თუმცა უშედეგოდ. უკვე მრავალი კვირაა, რაც კრემლი ამ მიმართულებით უამრავ ადამიანს სწირავს. ფრონტზე არ შეცვლილა ვითარება არც ბახმუტის მიმართულებით. როგორც ექსპერტები საუბრობენ, ომი ზამთრის დადგომისთანავე გაიყინა და ახლა  პოზიციური ბრძოლა მიმდინარეობს.

2023 უკრაინის კონტრიერიშის წელი იყო. თუმცა მანამდე უკრაინელებმა 2023 წლის დასაწყისში დაკარგეს ქალაქი ბახმუტი. სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, კონტრიერიშის თარიღი არ დასახელდა, თუმცა რუსული მხარე ამას მომზადებული დახვდა. ფრონტის გასწვრივ თითქმის 1000-კილომეტრიან ზოლზე მოეწყო კომპლექსური საფორტიფიკაციო ნაგებობები, დანაღმული ველები. პირველი მნიშვნელოვანი წინსვლა უკრაინელებს 11 ივნისს ჰქონდათ, როდესაც უკრაინულმა ძალებმა შედარებით ნაკლებად გამაგრებული რუსული თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და დონეცკის რეგიონში მაკარივკა და კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. 17 ივლისს უკრაინამ იერიში მიიტანა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე. აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ივლისიდანვე აქტიურდება უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოსკოვის გარეუბნებზე. ომი გასცდა უკრაინის საზღვრებს. აგვისტოს დასაწყისში უკრაინამ ნოვოროსიისკისკენ დაიწყო ბრძოლა. აგვისტოს ბოლოს კი ყირიმში მიიტანეს იერიში და რამდენიმე ათეული რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. აგვისტოს ბოლოს რობოტინოსთან უკრაინის არმიამ შეძლო რუსული ძირითადი თავდაცვის ზღუდე გაერღვია და მიუხედავად კომპლექსური დანაღმული ველებისა, სოფელი რობოტინო გათავისუფლდა. აგვისტოშივე აქტიურია კვლავ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში. სექტემბერში უკრაინამ ჩაძირა რამდენიმე რუსული სამხედრო ხომალდი. საზღვაო იერიშების გამო რუსეთი იძულებული გახდა, ჩვენთან, ოკუპირებულ ოჩამჩირეში ალტერნატიული სამხედრო პორტის მშენებლობაზე დაეწყო მუშობა.

ივნისში რუსებმა კახოვკის  წყალსაცავი დაანგრიეს, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. იყო არაერთი მინიშნება, რომ რუსეთს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზეც სურდა ტერაქტის მოწყობა. წლის ბოლოს გააქტიურდა ხერსონის ოლქში მდინარე დნიპროს აღმოსავლეთი ფლანგი. თუმცა ამ დროს უკვე კონტრიერიშის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია.

ძირითადი წინააღმდეგობა უკრაინისთვის ის რუსული თავდაცვის ზღუდე აღმოჩნდა, რომელიც კრემლმა სწორედ ამ იერიშის საპასუხოდ მოამზადა ფრონტის სამხრეთით. ექსპერტების შეფასებით,  ამის მიზეზი ისიც იყო, რომ უკრაინას არ ჰქონდა შესაბამისი იარაღი, მაგალითად, ავიაცია, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, შორს მსროლელი საარტილერიო სისტემები და სხვა. მართალია, უკრაინას გადაეცა „ატაკამსები“ და „ჰაიმარსები“,  თუმცა ასეთი ძლიერი ფორტიფიკაციების გასარღვევად ისინი არ აღმოჩნდა საკმარისი. როგორც კი აქტიურდებოდა ფრონტის ერთი მიმართულება, რუსეთი ცდილობდა, ნაკლებად აქტიურ რაიონებში თავდაცვითი ზღუდეები გაემაგრებინა. ამის გამო ფრონტის ხაზზე, თითქმის  ყველგან, სანგრებისა და ტრანშეების ძლიერი ქსელი გაჩნდა. ამავე წელს იყო ევგენი პრიგოჟინის ეგრეთ წოდებული აჯანყება და ბახმუტის ბრძოლებში გამორჩეული სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ერთგვარი განეიტრალება მოსკოვის მხრიდან. წლის ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ამბავი ალბათ ის იყო, როდესაც სენატში არ დაუჭირეს მხარი უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის საკითხს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონფლიქტი, რომელმაც მსოფლიო შეძრა, ისრაელისა და „ჰამასის“ ომია. ისრაელსა და „ჰამასს“ არაერთი შეტაკება ჰქონდათ წლის განმავლობაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კამპანია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინში ჩატარდა. ლოკალური დაპირისპირებების გარდა, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშები მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა.

თუმცა კულმინაციამ წლის ბოლოს მიაღწია, როდესაც 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან სახმელეთო იერიში წამოიწყო „ჰამასმა“. ეს შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო ისრაელის უსაფრთხოების ძალებისთვის, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის სიღრმეში შეღწევა მოახერხეს. დაიკავეს არაერთი დასახლებული პუნქტი, გაიტაცეს 200-ამდე და  დაიღუპა ათასზე მეტი ისრაელელი. სწორედ ამის შემდეგ იწყება ისრაელის თავდაცვის ძალების უპრეცედენტო იერიში ღაზის სექტორზე. თავდაპირველად ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს „ჰამასის“ მიწისზედა და მიწისქვეშა ობიექტებზე. შტურმი ძირითადად  მიჰქონდათ სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი სახმელეთო იერიშის შესახებ, რომლის შემთხვევაში რამდენიმე სახელმწიფომ ისრაელის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის მზადყოფნა გამოაცხადა. რეგიონში ჩავიდა ამერიკული ფლოტი. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა ისრაელმა სახმელეთო შეტევა მაინც დაიწყო. შეტევის მიმართულება პირველ ეტაპზე ქალაქი ღაზაა. განადგურდა „ჰამასის“ გვირაბების ქსელის ნაწილი ქალაქ ღაზაში. შტურმი იმდენად ძლიერი იყო,  ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარა, თან მცირე დანაკარგის ხარჯზე.  სექტორის პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებს ისრაელის თავდაცვის ძალები მუდმივად მოუწოდებდნენ, სამხრეთით გადასულიყვნენ. ისრაელი ირწმუნებოდა, რომ  ამ სამხედრო კამპანიას „ჰამასის“ განადგურებამდე არ დაასრულებდა, „ჰამასს“ სამხედრო ინფრასტრუქტურა ღაზის სექტორის სამხრეთით ნაწილშიც ჰქონდა, ამიტომ ყველას აინტერესებდა, დაიწყებდა თუ არა ისრაელი შეტევას სექტორის სამხრეთზე და აი, წლის მიწურულს სამხედრო კამპანია დაიწყო სამხრეთშიც, თუმცა ამას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და  ტყვეთა გათავისუფლება. ექსპერტები თვლიან, რომ ისრაელი გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას, სანამ არ მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს და  „ჰამასს“ არ გაანადგურებს. ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის ამხელა  მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰყოლია.

კიდევ ერთი სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც 2023 წელს საქართველოსთან საკმაოდ ახლოს მოხდა, ყარაბაღია. სხვადასხვა ანალიტიკური წყაროს მონაცემებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესში ისრაელს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც წლებია, ფეთქებად საშიშ სიტუაციას ქმნიდა, 2023 წელს დასრულდა. ფაქტობრივად, უსწრაფესი სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა  ამ რეგიონზე კონტროლი დაამყარა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წელს დაწყებული კონფლიქტის შედეგად ორივე მხარეს 50 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცია დაღუპული. სომხეთი თითქმის 30 წლის განმავლობაში აკონტროლებდა მთიან ყარაბაღსა და დამატებით 8 აზერბაიჯანულ რაიონს. დღესდღეობით კი მთიან ყარაბაღში ერთ დროს მცხოვრები სომხური ეთნიკური უმცირესობა, დაახლოებით 100 000 კაცი, გახიზნულია. ახლა ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს დაწყებული. შენდება სახლები, აეროპორტი, მოედნები და ასე შემდეგ. ამ ფონზე ოფიციალური ბაქო ავტონომიის საკითხს არ განიხილავს. საინტერესოა, რომ ჩვენ გავხდით უპრეცედენტო მოვლენის მომსწრე, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანის სასარგებლოდ გაიწვია საკუთარი კანდიდატურა და მხარი დაუჭირა გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენციის 29-ე სესიის (COP29) აზერბაიჯანში ჩატარებას, ხოლო, თავის მხრივ, აზერბაიჯანმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთს გაეროს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ბიუროში გაწევრებასთან დაკავშირებით. ეს კი იმას მიუთითებს, რომ ნდობის აღდგენის პროცესი დაიწყო. ექსპერტთა შეფასებით, კონფლიქტი ბოლომდე არ არის დასრულებული, კვლავ აქტუალურია, მაგალითად,  ზანგეზურის საკითხი, ანუ იმ ტერიტორიის, რომელიც ნახიჩევანის ექსკლავთან დასაკავშირებლად სჭირდება აზერბაიჯანს. მიუხედავად ამისა, რეგიონში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ყარაბაღის ომის დასრულებით.

2023 წელს კიდევ უამრავი სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი თუ დაძაბული სიტუაცია იყო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend