მთავარისაქართველოთოჯინების ახალი წელი

თოჯინების ახალი წელი

ეკატერინე ბერიძემ პირველი თოჯინა 6 წლის წინ გააკეთა, როცა მეგობარმა შესთავაზა, ერთად ვისწავლოთ თოჯინების კეთებაო… თავიდან მხოლოდ თავისთვის აკეთებდა,  მერე კი მისი თოჯინები სხვებმაც მოიწონეს და გადაწყვიტა ეს საქმე გაეგრძელებინა.

„ძალიან ბევრჯერ ქსოვილი მომწონებია და წარმოვიდგენ ხოლმე ასეთი კაბა ექნება და ასეთი თოჯინა იქნება… და მერე იმას მოყვება ყველაფერი.  ჯერ სახეს გააკეთებ, რაღაც ხასიათი უნდა დაიჭირო და მერე ხვდები, ის როგორ უნდა შემოსო.  შეიძლება ფილმს ვუყურო და იქ რაღაც კადრი დავიჭირო და ეს გახდეს  შთაგონების წყარო. ეს ზოგადად, დიდი ფანტაზიის სფეროა, წარმოიდგინეთ ფეხსაცმელსაც შენ აცმევ, ვარცხნილობასაც შენ უკეთებ, დიზაინერიც ხარ იმიტომ, რომ ძალიან ლამაზად უნდა შემოსო, ისე თოჯინას არ აქვს არანაირი ეფექტი, მარტო კარგად გამოძერწილი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შედგეს, როგორც ლამაზი თოჯინა“,- ამბობს ეკატერინე ბერიძე, მეთოჯინე. 

ეკატერინეს თოჯინების კეთება მეთოჯინე იულია სოროკინამ ასწავლა. ამბობს, რომ როგორც ყველა საქმეში მასწავლებელს აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

“უკვე ყურის გამოძერწვის პროცესში რომ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ მიმეტოვებინა და წამოვსულიყავი და სულ მინდა ვუთხრა ეს დამწყებ მეთოჯინეებს, რომ შრომის შედეგად ყველაფერი მიიღწევა, ის მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ რას ამბობ, არავითარ შემთხვევაში, გააგრძელე. შენი ხასიათი, შინაგანი განწყობა, ზოგადი მდგომარეობა, იმ წუთას რას გრძნობ, ეს ყველაფერი გადადის თოჯინაზე და სულ მეუბნებიან ხოლმე ჩემს თოჯინაზე, ეკა შენი თოჯინები როგორ გგავს და ვეთანხმები, მეც ჩემს თავს ვხედავ მათში“.

„ყველას უნდა, რომ პირველი თოჯინა გამოუვიდეს შედევრი, მაგრამ ეს შეუძლებელია და ზოგს აქვს სურვილი, დაანებოს თავი უკვე ყურების ძერწვის პროცესში, მაგრამ მე ყოველთვის ვამხნევებ და ვაჩვენებ ჩემს პირველ ნამუშევრებს, სხვა გოგოების პირველ ნამუშევრებს და არა მხოლოდ ჩვენი მეთოჯინეები, არამედ ძალიან ცნობილი მეთოჯინეები იწყებდნენ საკმაოდ დაბალი საფეხურიდან, უბრალოდ ყოველი შემდეგი ნამუშევარი იცვლება, ადამიანი იხვეწება და მუდმივად ვითარდება”, – ამბობს იულია სოროკინა, მეთოჯინე. 

თოჯინაც იხვეწება ადამიანთან ერთად, და მისი შემქმნელიც მუდმივად ვითარდება. და ამ ახალი წლისთვის, მასწავლებელი მოსწავლისაგან კიდევ უფრო შთამბეჭდავ თოჯინებს ელოდება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend