მთავარისაქართველოგოგოები ლეგიონში

გოგოები ლეგიონში

გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი მოხალისეთა ორგანიზაციაა, რომელიც თავდაცვის ძალებითა და სახელმწიფო სტრუქტურებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებს. ლეგიონერები ჩართულნი არიან მსუბუქი ქვეითის მოსამზადებელ კურსში, ისინი სწავლობენ სალაშქრო საქმეს, აძლიერებენ თავიანთ ფიზიკურ და საბრძოლო უნარებს და ვითარდებიან როგორც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები.

თამთა გვიშიანი მესამე წელია ლეგიონერია. ის ამბობს, რომ ლეგიონის გამოცდილება მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ტრანსფორმაციული იყო. თამთა ამბობს, რომ ლეგიონში საკუთარი ძალების გამოსაცდელად მივიდა და აქ იპოვა შესანიშნავი გუნდი, რომლის მთავარი ინტერესიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა.

„ლეგიონი პირველ რიგში გვასწავლის იმას, რომ ყველა მოქალაქეს აქვს თავისი ფუნქცია. ყველა ადამიანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაში“, – ამბობს თამთა.

თამთა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სუსტი სქესი და რომ კრიზისის დროს ყველა მოქალაქის ჩართულობა აუცილებელია. ის ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის და რომ ბოლო პერიოდში ლეგიონს ძალიან ბევრი გოგო შეემატა, რომლებმაც მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავეს, მაგალითად, სამედიცინო სექტორსა თუ სამეთაურო რგოლში.

თამთა სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე სამედიცინო სექტორში მუშაობს. ის ამბობს, რომ ლეგიონი შესანიშნავი ადგილი იყო სამხედრო მედიცინის კუთხით განვითარებისთვის, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი პროფესიული ინტერესია.

სამედიცინო სექტორს ხელმძღვანელობს თამთას საქმრო დავით ნარტყოშვილიც. დავითი ამბობს, რომ საყოველთაო სამხედრო საბაზისო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რომ თითოეული ადამიანი იქცეს ქვეყნის დასაყრდენად. დავითი ასევე ამბობს, რომ თამთას გამოცდილებაზე დაკვირვებით, მას მსოფლმხედველობა შეეცვალა ქალების სამხედრო საქმეში ჩართულობასთან დაკავშირებით და რომ ქალების კონტრიბუციაც ისევე მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში როგორც მამაკაცების.

თამთასთან ერთად ლეგიონში მივიდა მისი და ანამარიაც, რომელიც ასევე საუბრობს სამხედრო განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ახალგაზრდა გოგონებისათვის.

„სამწუხაროდ, ძალიან სკეპტიკურად უყურებენ გოგოების მონაწილეობას სამხედრო სფეროში, მაგრამ რაც უფრო მეტი გოგო მოვა, მით უფრო შევძლებთ სტერეოტიპების დამსხვრევას, რომ სუსტი სქესი ვართ“, – ამბობს ანამარია გვიშიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend