სამხრეთ ღაზაში, რაფაჰში, საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულები და გარდაცვლილები ქუვეითის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრში მდებარეობს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან 21 300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი ადასტურებს, რომ „ჰამასი“ მზადაა, ნებისმიერი იდეისა და შეთავაზების განსახილველად. მისი თქმით, ღაზის სექტორში საბოლოოდ უნდა შეწყდეს აგრესია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. პალესტინელ ხალხს სურს არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ აგრესიის დასრულება. მან ასევე დასძინა, რომ პალესტინის საკითხის მართვა ქვეყნის შიდა ეროვნული საქმეა.

ასობით ახალგაზრდამ კი თელ–ავივიდან იერუსალიმისკენ მსვლელობა მოაწყო და მთავრობას ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება მოსთხოვა.
ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელელი სამხედროების მიერ 3 მძევლის შემთხვევით დახოცვის გამო პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრებათ. მათ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს წარუდგინეს გამოძიების შედეგები. დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი სიმართლისკენ ისწრაფვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე და მტკივნეულია.
🇮🇱ისრაელის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, ისინი ახლოს არიან ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ბატალიონების განადგურებასთან.
▪️ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე, 20 915 პალესტინელი დაიღუპა.https://t.co/Cx5lOnfQCy
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) December 27, 2023
გუშინ ღაზის სექტორში ეგვიპტიდან, რაფაჰის გადასასვლელიდან, ჰუმანიტარული დახმარებითა და საწვავით დატვირთული მანქანების კოლონა შევიდა.