რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინას დრონებით, რაკეტებით და არტილერიით მასიურად შეუტია. დაიბომბა 6 უკრაინული ქალაქი. ოფიციალური ინფორმაციით, დრონების უმრავლესობა ჰაერში განადგურდა, თუმცა ოკუპანტების იერიშების შედეგად არაერთი ადამიანია დაღუპული… არიან ასევე დაშავებულებიც. რუსული იერიში უკრაინული ქალაქების მისამართით ხუთშაბათს დაიწყო და დაახლოებით 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაიბომბა ქალაქები: ოდესა, კიევი, ლვივი, ხარკივი, დნიპრო და ზაპორიჟიე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა თავდაცვამ შეძლო ჰაერში გაენეიტრალებინა დრონების თითქმის უმრავლესობა, ნამსხვრევებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მაინც დააზიანა. ლვივის მერის ცნობით, მხოლოდ ამ ქალაქს რუსმა ოკუპანტებმა 10 დრონით შეუტიეს. სამწუხაროდ, მსხვერპლია ლვივშიც. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე იერიშის დროს 122 რაკეტა და 36 სხვადასხვა მოდიფიკაციის დრონი გამოიყენა, დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლოს მსგავსი სასტიკი შეტევა ოკუპანტებმა 2022 წლის ნოემბერში მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე.