სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ოპოზიციის აქციები შეტაკებით დასრულდა, რის შედეგადაც პოლიციამ დაახლოებით 40 ადამიანი დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და საჯარო შეხვედრაზე ძალადობრივ ქცევაშია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ცნობით, ორ პოლიციელს მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მათგან ერთს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.
ბელგრადში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ყველაზე დიდი ოპოზიციური კოალიცია “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” ბელგრადში 24 დეკემბრიდან დემონსტრაციებს მართავს. ისინი 17 დეკემბერს გამართული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა სერბეთის მმართველმა “პროგრესულმა პარტიამ”. ოპოზიცია კი გაყალბებულად მიიჩნევს ბელგრადის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგებს.