მთავარიევროპარუსეთინავალნი ციმბირში

ნავალნი ციმბირში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება. ამის შესახებ იუწყებიან მისი თანამოაზრეები, რომლებიც პოლიტიკოსს თითქმის 3 კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ალექსეი ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის ცნობით, მსჯავრდადებული შეხვდა ადვოკატს და ამჟამად კარგად იმყოფება. კოლონია სოფელ ხარპში, დასავლეთ ციმბირის ვაკის ტერიტორიაზე, მდებარეობს. ვლადიმერ პუტინის ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მეტოქე ექსტრემიზმის ბრალდებით 19-წლიან სასჯელს იხდის. ის თავდაპირველად 2021 წლის იანვარში ვლადიმირის რეგიონში დააპატიმრეს. მისი ადვოკატების განცხადებით, 6 დეკემბრის შემდეგ ვერ ახერხებდნენ მასთან დაკავშირებას. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების თქმით, მისი იზოლირებულ და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაყვანა პუტინის მხრიდან წინასაარჩევნოდ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დაპატიმრებამდე ალექსეი ნავალნი აპროტესტებდა კორუფციასა და აორგანიზებდა კრემლის საწინააღმდეგო აქციებს.

კირა იარმიში, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი: “ალექსეის სამი კვირა ვეძებდით, ყველაფერი ვცადეთ. ყველა დაკავების ცენტრი და სპეციალური რეჟიმის ციხე შევამოწმეთ, ზოგი რამდენჯერმე. და ბოლოს, დღეს როგორც იქნა, იგი ვიპოვეთ ხარპის დასახლებაში, სასჯელაღსრულების მესამე კოლონიაში. ადვოკატმა უკვე მოინახულა ალექსეი, შესვლა არ იყო ადვილი, არ სურდათ მისი შეშვება, მაგრამ მაინც მოახერხა მისი ნახვა. ალექსეი კარგადაა, რამდენადაც ეს ამხელა გზის გავლის შემდეგაა შესაძლებელი.

საქმე ისაა, რომ ეს ციხე ძალიან იზოლირებულ და რთულად მისაწვდომ ადგილას მდებარეობს. იქ არ მუშაობს შეტყობინებების გაგზავნის ინტერნეტსისტემა, რომელსაც რუსეთის ციხეები იყენებენ. არც დარეკვის საშუალებაა. ასე რომ, პრაქტიკულად შეუძლებელია პატიმართან უშუალოდ დაკავშირება. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი მიზანმიმართულად გადაგზავნა ისეთ ციხეში, სადაც იგი მაქსიმალურად იზოლირებული იქნებოდა და ვერ შეძლებდა გარე სამყაროსთან კომუნიკაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ზის, ალექსეი მაინც ვლადიმერ პუტინის მთავარ მეტოქედ რჩება. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე ძლიერ წინააღმდეგობას უწევს პუტინს და ამით სხვებსაც აძლევს წინააღმდეგობის გაწევის მოტივაციას. ამიტომაა ის ასეთი შემაწუხებელი პუტინისთვის, განსაკუთრებით ახლა, არჩევნების წინ. ასე რომ, არაა გასაკვირი, რომ იგი სხვა ციხეში გადაიყვანეს, რათა ვერ შეუშალოს ხელი პუტინის საპრეზიდენტო კამპანიას და არ წაართვას ეს არჩევნებიც”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend