მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაპრაღის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა სახურავზე თავი მოიკლა

პრაღის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა სახურავზე თავი მოიკლა

ადგილობრივი დროით 3 საათისთვის პრაღის ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორისაა თავდამსხმელიც. დაშავებულია ათობით ადამიანი, 9 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პეტრ პაველი, ჩეხეთის პრეზიდენტი: “პირველ რიგში მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ეს ინციდენტი ჩეხეთის ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. იმედი მაქვს, დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან, ხოლო ვინც არ დაშავებულა, მაგრამ იქ იმყოფებოდა და ამ შემზარავი სცენის თვითმხილველი გახდა, ვიმედოვნებ, ამ ფსიქოლოგიურ ტრავმას მალე მოიშუშებს”.

თავდამსხმელის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ იგი პრაღის მახლობლად ცხოვრობდა. ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, იგი იყო კარლის უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტი, რომლის მამაც თავდასხმის დღის ადრეულ საათებში გარდაცვლილი იპოვეს. ჩეხი ჟურნალისტის, ონდრეი სოუკუპის, ცნობით, თავდამსხმელი ყვიროდა, რომ საკუთარი მამა მოკლა და სხვებსაც დახოცავდა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის სახლის ჩხრეკის საფუძველზე აქვთ ეჭვი, რომ იგი დაკავშირებულია 15 დეკემბერს მამაკაცისა და მისი 2 თვის ჩვილის მკვლელობასთანაც.

პოლიციელი კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობას იცავს, პრაღა, ჩეხეთი 22 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Petr David Josek

აგრეთვე, ცნობილია, რომ იგი კანონიერად ფლობდა რამდენიმე ცეცხლსასროლ იარაღს, კარლის უნივერსიტეტზე თავდასხმისთვის კი ოპტიკურსამიზნიანი იარაღი გამოიყენა.

მარტინ ვონდრასეკი, პრაღის პოლიციის უფროსი: “ჩეხეთის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ 24 წლის კაცი თვითმკვლელობას გეგმავდა. ჩვენ ასევე მივიღეთ ცნობა, რომ იმავე სოფელში, სადაც ეს ახალგაზრდა ცხოვრობდა, გარდაცვლილი კაცი იპოვეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი თავდამსხმელის მამა გახლდათ. ამ დროისათვის ვიცით, რომ გარდაცვლილია სულ მცირე 15 ადამიანი და დაჭრილია 24″.

ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელის სიკვდილის ზუსტი მიზეზები. ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, როდესაც თავდამსხმელს უახლოვდებოდნენ, მან უნივერსიტეტის შენობის სახურავზე ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. თუმცა ამავდროულად პრაღის მერი აცხადებს, რომ თავდამსხმელი სიმაღლიდან გამოხტა.

სროლის დროს უნივერსიტეტში ლექციები მიმდინარეობდა და პროფესორებისა და სტუდენტების დიდი ნაწილი შენობაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მიუვიდათ შეტყობინება შენობაში თავდამსხმელის ყოფნის შესახებ, რის შემდეგადაც ისინი აუდიტორიებში ჩაიკეტნენ. ნაწილის, 200-ამდე ადამიანის ევაკუაცია მაშველებმა შეძლეს.

უცნობია მასობრივი მკვლელობის მოტივი. თუმცა ამ ეტაპზე გამომძიებლები მომხდარს საერთაშორისო ტერორიზმის ან ექსტრემისტული იდეოლოგიის ჭრილში არ განიხილავენ.

ვიტ რაკუსანი, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: “მსურს საერთაშორისო საზოგადოებას ერთი გზავნილი მივაწვდინო, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სამხილი იმისა, რომ მომხდარი რაიმე ფორმით არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმთან”.

მასობრივი მკვლელობის შემდეგ კარლის უნივერსიტეტთან ადამიანები სამძიმრის გამოსახატად შეიკრიბნენ.

პრაღაში მცხოვრები ქალი: “აქ იმიტომ მოვედი, რომ მეც კარლის უნივერსიტეტის წევრი ვარ. მომხდარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. აუცილებლად უნდა მოვსულიყავი და გამეზიარებინა ჩემი წუხილი”.

პრაღაში მცხოვრები ახალგაზრდა: “ჩემი რამდენიმე მეგობარი სწავლობს კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მათ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს. აქ იმიტომ მოვედი, რომ ცოტათი უკეთ ვაგრძნობინო თავი”.

მილენა კრალიჩკოვა, კარლის უნივერსიტეტის რექტორი: “ვთხოვეთ დეკანებს, რომ გაეუქმებინათ ყველა გამოცდა. სავარაუდოდ, საშობაო პერიოდის შემდეგ აღდგება სწავლა. გავესაუბრებით სხვადასხვა ფაკულტეტის ადმინისტრატორებს და სადაც შესაძლებელია, აღვადგენთ ჩვეულებრივ სასწავლო რეჟიმს, თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილით. მთელი აკადემიური საზოგადოება შეძრულია”.

ჩეხეთის მთავრობამ 23 დეკემბერი დაღუპულთა პატივსაცემად გლოვის დღედ გამოაცხადა.

სანთლები კარლის უნივერსიტეტის შენობასთან, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, პრაღა, ჩეხეთი 22 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo Denes Erdos

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend