საქართველოში წელსაც იფიცებოდნენ კერძო სექტორში დასაქმებული პირები ხშირად დაბალი ანაზღაურების, ხშირად კი გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო. ამ თემებზე “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ანგარიში მოამზადა.
“სამწუხაროდ, საქართველოში გაფიცვაზე მიდიან მშრომელები მაშინ, როდესაც სხვა გზა არ აქვთ, როცა ხვდებიან, რომ მდგომარეობა არის მძიმე, დამსაქმებელი არ მოდის კომპრომისზე და ერთადერთ გზად რჩება გაფიცვა, წელს ზაფხულში ვნახეთ მაღაროელების გაფიცვა და რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი ხელახლა გაიფიცნენ იმიტომ, რომ ის პირობები, რომლებზეც თითქოს შედგა შეთანხმება, არ დაიცვა კომპანიამ და ესეც აჩვენებს, თუ რამდენად მყიფე არის ხოლმე გაფიცვის შედეგად მიღწეული შედეგები”, – ამბობს სალომე შუბლაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სოციალური პროგრამის დირექტორი.
ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება დაბალი მინიმალური ანაზღაურება, ის საარსებო მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს…
“მინიმალური ხელფასი არის შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების რეალიზაციის საშუალება და იგი უნდა მიემართებოდეს როგორც ადამიანის საბაზისო საჭიროებებს, ასევე მისი სოციალური კეთილდღეობის საჭიროებებს. საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან პრობლემურია მდგომარეობა, მინიმალური ხელფასი არის უკიდურესად დაბალი და იგი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და არ აკმაყოფილებს საბაზისო საჭიროებებსა და არც მის სხვა საჭიროებებს”, – ამბობს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი და მკვლევარი ნინო ცაგარეიშვილი.
დოკუმენტის ავტორებს აქვთ რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გამოსწორდეს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში, რომ მშრომელი ხალხის უფლებები იყოს დაცული.
“ჩვენი ერთ-ერთ რეკომენდაცია მიემართება მთავრობასთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეფექტური მუშაობის გაძლიერების საჭიროებას, ჩვენ ვიცით, რომ ეს კომისია არ არის რეალურად მოქმედი და არ განიხილავს მინიმალური ხელფასის საკითხებს და არ მართავს ამასთან დაკავშირებით შეკრებებსა და განხილვებს, არადა, ეს მას ევალება არსებული შრომისა და დასაქმების სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით. ასევე ჩვენი რეკომენდაციები მიემართება მინიმალური ხელფასის როგორც ადამიანის უფლების გაგებასა და გააზრებას”, – ამბობს ნინო ცაგარეიშვილი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი და მკვლევარი.
საქართველოში მინიმალური ხელფასი ბოლოს 1999 წელს განისაზღვრა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით. მაშინ დადგინდა, რომ კერძო სექტორში დასაქმებული პირის მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია. მას შემდეგ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა…