მთავარისაქართველოვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო რეფორმისა და ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ მოსაზრებებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო რეფორმისა და ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ მოსაზრებებს აქვეყნებს

საპარლამენტო არჩევნებამდე 10 თვით ადრე ვენეციის კომისია აქვეყნებს მოსაზრებას საქართველოს საარჩევნო რეფორმის შესახებ – 17-გვერდიან დოკუმენტში განხილულია ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას ეხება.

დოკუმენტის ავტორებს, ანუ ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს მიაჩნიათ, რომ ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც პარლამენტმა მმართველი გუნდის ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილა, „რთული და საკმაოდ დამაბნეველია“.

 საუბარია, ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესზე, რომელსაც 2022-2023 წლის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 5 წლით თანამდებობაზე ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდათ, თუმცა ახალი პროექტის მიხედვით, თუკი ისინი 90 პარლამენტარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, საკმარისი იქნება 76 დეპუტატიც, რაც საარჩევნო რეფორმამდე არსებული წესს ემთხვევა. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებებისთვის ეს პერიოდი „არ არის იდეალური“, რადგან ერთი წელიც არ რჩება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

ვენეციის კომისია საარჩევნო ცვლილებების პროექტის მეორე ერთობლივ დასკვნაში წერს, რომ მნიშვნელოვანია, პროექტიდან ამოიღონ ის დებულება, რომელიც ზღუდავს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი წევრის დანიშვნას. დოკუმენტის ავტორები საკუთარ რეკომენდაციაში წერენ, რომ ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება კვლავ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს, ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარისა.

და გარდა საარჩევნო რეფორმისა, ვენეციის კომისიამ 19 დეკემბერს ასევე გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალი ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც მათი დასკვნით, პრობლემურია. ვენეციის კომისია ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ საქართველოს რეკომენდაციებს სთავაზობს.

მაგალითად იმას, რომ უნდა გაიზარდოს ხელმძღვანელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით წაყენებული მოთხოვნები. ბიუროს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს მიენიჭოთ იმუნიტეტი. ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს „რისკზე დაფუძნებული მიდგომით“ შეეძლოს „აუხსნელი წარმოშობის ქონების“ მქონე საჯარო მოხელეების მხილება.

 ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არეგულირებს საქართველოში ახალშექმნილი უწყების მუშაობისა და ფუნქციონირების წესს, ვენეციის კომისიას შესაფასებლად 2023 წლის სექტემბერში გაეგზავნა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend