14 წლის როჰინჯელი გოგო საკუთარი შვილით ხელში… ის, როგორც სხვა არაერთი გოგონა როჰინჯის თემიდან მალაიზიაში, ქორწინებისთვის გაყიდეს. ეს მისი არჩევანი არ ყოფილა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მშობლების გადასარჩენად დასთანხმდა ქორწინებას კაცთან, რომელიც არასდროს უნახავს და რომელიც მის ოჯახს ყოველთვიურად თანხას გადაუხდის.
2017 წელს მიანმარში მმართველმა ხელისუფლებამ როჰინჯელი ხალხის გენოციდი მოაწყო. შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი როჰინჯა ბანგლადეშში, ლტოლვილთა ბანაკებში აღმოჩნდა. მათ შორის იყო ბევრი გოგონა, რომელთა მშობლებიც ფიქრობდნენ, რომ შვილებს დაქორწინებით შიმშლისა და ბანაკებში გაუპატიურებისგან იხსნიდნენ.
ასე ფიქრობდა ფარვინის დედაც, რომელმაც 16 წლის შვილი მალაიზიაში გაგზავნა. გოგონა გზაში დაიღუპა.
ჰასინა ბეგუმი, 16 წლის გოგოს დედა: „მე გავაგზავნე. რადგან მე თანახმა ვიყავი, ისიც დასთანხმდა. დასთანხმდა, რადგან მე არ შემეძლო მიმეცა ის, რაც მას სჭირდებოდა, ტანსაცმელიც კი”.
არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი როჰინჯელი არასრულწლოვანი პატარძალია მალაიზიაში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბოლო წლებში მათი რაოდენობა იზრდება…
ნაშა ნიკი, „როჰინჯელი ქალების განვითარების ქსელის” აღმსრულებელი დირექტორი:” ვფიქრობ, როჰინჯელი გოგონებისთვის საქმე ასე დგას: მე ახალი ცხოვრება მინდა და ვიცი, არსებობს ვიღაც, ვინც დამიცავს და სულ ერთია, რომ ჩემში ფულს იხდიან. არასრულწლოვანი მიდის რწმენით, რომ მას დაიცავენ და ვერც წარმოუდგენია, თუ რა მოხდება მას შემდეგ, რაც იქ ჩავა. და როცა გოგონები იქ ჩადიან, მომავლის ყველა იმედი ქრება და მათი მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენაა.