მთავარისაქართველო"სასამართლო რეფორმა და ევროპული ინტეგრაცია" - დისკუსია ქართული მართლმსაჯულების მდგომარეობაზე

“სასამართლო რეფორმა და ევროპული ინტეგრაცია” – დისკუსია ქართული მართლმსაჯულების მდგომარეობაზე

რა შეიცვალა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართულ სასამართლოში და რამდენად შესრულდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ამ მიმართულებით დაწესებული მოთხოვნები. საკითხის ირგვლივ, ფართო დისკუსიის ფორმატში „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შეხვედრა გამართა სახელწოდებით „სასამართლო რეფორმა და ევროპული ინტეგრაცია“. ანგარიშის ავტორების განცხადებით, სასამართლოში ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარი ინტერესები გაატარა და გადაწყვეტილებები საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე მიიღო. მკვლევრების შეფასებით, მთავარ გამოწვევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს, როგორც სასამართლოს ზედამხედველი ორგანო, რადგან მათი განცხადებით, ე.წ. „კლანი“ მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.

„ის ვითარება, რაც მართლმსაჯულების სისტემაშია, სიახლეს არ წარმოადგენს. არის უსერიოზულესი პრობლემები და გამოწვევები. მოსამართლეები გადატვირთულები არიან საქმეებით, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო პროფესიონალ კადრებს კარს არ უღებს. აჰყავთ ის მოსამართლეები, ვინც ამ გავლენიანი ჯგუფის მოთხოვნებს აღასრულებს. ეს და სხვა გამოწვევები კი საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის პრობლემას ქმნის. ამაზე სხვადასხვა, მათ შორის ვენეციის კომისიის, დასკვნაშიცაა მკაფიოდ საუბარი, რომ ქართულ სასამართლოში საჭირო არის ფუნდამენტური ცვლილებები. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობა, საერთოდ პრობლემის არაღიარება კი ამას აფერხებს. თუმცა ჩვენ გამოვთქვამთ იმედსა და სურვილს, რომ ერთობლივი თანამშრომლობის შემთხვევაში ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს და დაიწყება სიღრმისეული მუშაობა შესაბამისი რეფორმისთვის“, – აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, საერთაშორისო შეფასებებით, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით დასტურდება, რომ ქართულ მართლმსაჯულებას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. მათ დასაძლევად კი მმართველი ძალისგან ნამდვილი პოლიტიკური ნებაა საჭირო, რაც მათივე განცხადებით, მოქმედ ხელისუფლებას ჯერჯერობით სათანადოდ არ გააჩნია. ექსპერტები და პროფესიული წრეების სხვა წარმომადგენლები მაინც იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი მართლმსაჯულების სისტემაში შესაბამის რეფორმებს გაატარებს, ოღონდ ამჯერად პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით.

„ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის ერთი ჯგუფის მიერ კონცენტრირებული და კონსოლიდირებული ძალაუფლება ე.წ. სამოსამართლო კლანის ხელში. ამის მოსაშლელად კი საჭიროა, განხორციელდეს მნიშვნელოვანი დეცენტრალიზაცია, რათა სამოსამართლო ბიუროკრატიის ელიტას გამოეცალოს ის ბერკეტი, რომლითაც ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და საქმეებს აკონტროლებს. ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, ვიდებატოთ და რაიმე საერთო გადაწყვეტილება გამოვნახოთ. თუმცა რასაც ვაკვირდები, ხელისუფლება ამ დრომდე არ ავლენს მზაობას, რათა ისეთი მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები განხორციელდეს ქართულ მართლმსაჯულებაში, რაც მათ შორის ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, – აცხადებს კვლევითი ინსტიტუტის GNOMON WISE-ის მკვლევარი დავით ზედელაშვილი.

სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა რიგით მესამეა, დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მოთხოვნების შემდეგ, ევროკავშირის ცნობილი 12 რეკომენდაციიდან. მისი აღსრულება ახალ 9 დათქმაშიც მთავარ ადგილს იკავებს. დისკუსიის მონაწილეები მზაობას გამოთქვამენ ხელისუფლებასთან ერთად ამ საკითხზე თანამშრომლობისთვის და ახლა მთავრობის ნაბიჯებს ელიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend