„ჰამასის“ განადგურების მისიის ფარგლებში, ისრაელმა ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ღაზაში დასახლებები დაბომბა, რის შედეგადაც 45 პალესტინელი დაიღუპა.
ალყაში მოქცეულ რეგიონში დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო ძლიერდება დიპლომატიური ძალისხმევა. საერთაშორისო პარტნიორები მოითხოვენ, გაერომ მიიღოს რეზოლუცია, რომელსაც ისრაელის მთავარი მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები, ვეტოს არ დაადებს.
თუმცა კენჭისყრა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე უკვე მეორედ გადაიდო.
ტორ ვენესლანდი, გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მოუწოდებს კეთილსინდისიერად იმუშაოს ძალადობის დასასრულებლად. იგი შეშფოთებას გამოთქვამს ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების გამო. მისი თქმით, არსებული პირობები შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარებას.
"The magnitude of hostilities between #Israel & Hamas & the scope of death & destruction in #Gaza have been unprecedented & unbearable to witness," UN Special Coordinator @TWennesland told Security Council members.
His full remarks 👇https://t.co/EYyZlJt5oe— UNSCO (@UNSCO_MEPP) December 19, 2023
პროგრესი არ ჩანს, რაც ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების გაღიზიანებას იწვევს.
ერთ-ერთ სააგენტოში აცხადებენ, რომ ღაზაში შესატანად ნებადართული საქონლის რაოდენობა არ შეესაბამება რეგიონში არსებულ მოთხოვნებს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან 19 600 პალესტინელი დაიღუპა.
საბრძოლო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს და 1200 ადამიანი დახოცეს, 240 კი გაიტაცეს. ისრაელისთვის პრიორიტეტი კვლავ მძევლების გათავისუფლებაა.
ახლახან აღმართულ მემორიალთან 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მუსიკალურ ფესტივალზე დახოცილი ადამიანები გაიხსენეს. ფესტივალი რეიმის კიბუცის ირგვლივ მინდვრებში იმართებოდა და ღონისძიებას 3000-ამდე ადამიანი ესწრებოდა. პოლიციის ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალის დროს 364 ადამიანი დაიღუპა.