საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ლიდერებსა და ვაშინგტონს. გამოსვლისას პრემიერი ძირითადად, რიცხვებით საუბრობდა. ილაპარაკა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, პენსიების მომატებაზე, სკოლებისა და ბაღების მშენებლობასა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა მომატებულ ხელფასებზე. ასევე ანგარიშში მოხვდა სამხედრო პირებისა და პოლიციელებისთვის ბინების გადაცემა, აეროპორტების განვითარება და საქართველოს წინსვლა რამდენიმე რეიტინგში. ირაკლი ღარიბაშვილს დღეს თითქმის არ უსაუბრია იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. არაფერი უთქვამს სხვადასხვა საჯარო უწყებაში არსებულ პრობლემებზე. არც ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმახვილებია განსაკუთრებული ყურადღება. საუბარი იყო ენერგეტიკის სფეროზეც. პრემიერი შეეხო საზღვაო ელექტროკაბელთან დაკავშირებულ გეგმებს და კიდევ თქვა, რომ მთავრობა თავად გეგმავს ხუდონჰესის აშენების დაწყებას.
“პირველ რიგში მინდა დავიწყო მოლოცვით, კიდევ ერთხელ, ვინაიდან ჩვენმა გუნდმა და მთლიანად ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას – ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა. ეს ბუნებრივია, არ ყოფილა მარტივი და ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდები, ეტაპები გავიარეთ.
სიამაყით უნდა ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე.
მინდა საზოგადოებას შევახსენო, როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30%-ზე მეტი იყო სიღარიბე, უმუშევრობაც ამდენივე. ქვეყანაში არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი დემოტივირებული იყო, ბიზნესს მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები ჰქონდა. ქვეყანაში დამყარებული იყო ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო, რომელიც მოქალაქეებს ჩაგრავდა, ომგამოვლილი მოქალაქეებს, იმ ომგამოვლილ მოქალაქეებს, რომლებიც იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა თავს და 20% არის ოკუპირებული.
მაშინ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი, 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან 86 მილიარდ ლარამდე.
ბოლო 2 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომლებიც რეგიონსა და მსოფლიოში ხდება, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 2 წელი 10%-ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. წელს 7%-ის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ინფლაციის სრული კონტროლი მოვახერხეთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის. 1%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა.
მინდა, მადლობა ვუთხრა ვახტანგ გომელაურსა და ყველა პოლიციელს ღირსეული სამსახურისთვის, ბოლო 11 წელიწადში არაერთი ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, სახეზე გვაქვს ჩვენი საამაყო პოლიცია.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მთლიანად თავდაცვის უწყებას ამ ეფექტური მუშაობისთვის. ჩვენი სამხედროების ღვაწლი კიდეც უფრო მეტად უნდა დავაფასოთ, მათი გმირული სამსახური.
2012 წლამდე მოგეხსენებათ, რომ არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვა და ასე ვთქვათ, არსებობდა რაღაც პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 38%-ს.
ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული განვავითარეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, უკვე დაფინანსებული არის პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონი მოქალაქე, რომელთაც დაუფინანსდათ 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა და 7 მილიარდი ლარი გადახდილია ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ალეკო გვეტაძე