მთავარისაქართველოგზა ევროპისკენ

გზა ევროპისკენ

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს. ეს გადაწყვეტილება გუშინ გამოცხადდა. დღეს, 15 დეკემბერს, მოქალაქეები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე იმისათვის, რომ აღნიშნონ ეს ფაქტი.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც ისაუბრა ქართულ ენაზე. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, საჯარო მოხელეებს, მედიასა და საერთოდ ყველა მხარეს, ვინც ჩართული იყო პროცესში. პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საბოლოო მიზანი საქართველოსთვის არის გამარჯვება, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა. ჟურნალისტების კითხვაზე, მიმართავდა თუ არა საზოგადოებას, მან თქვა: “დღეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა ერთად დგას, ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხალხის ხმა გაიგეს, ეს არის მთავარი”.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და დამსახურება.

საზეიმო ღონისძიებას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს არის საერთო ზეიმი და მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ეს დღე აერთიანებს ყველას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend