სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ დღეს, 14 დეკემბერს, პირველად, მე-5 თაობის მობილური ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო. 5G ინტერნეტის მომსახურებას აბონენტები თბილისის ცენტრალურ უბნებში, თავისუფლების მოედნიდან ბაგების ტერიტორიამდე იღებენ, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მხრივ დიდი გეგმები აქვთ და უახლოეს პერიოდში გეგმავენ ქსელის გაფართოებას.
„სილქნეტში“ აცხადებენ, რომ მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად გამოიყენეს თავიანთი უკვე არსებული სიხშირეები, რომლებზეც კომპანიას შესაბამისი ლიცენზია აქვს. სატელეკომუნიკაციო კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, 5G ინტერნეტის მომსახურების დაწყება სრულად მოდის შესაბამისობაში ქვეყნის კანონმდებლობასა და ევროკავშირის რეგულაციებთან.
„მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რომ გაეშვა 5G მომსახურება, რომელიც მხოლოდ დასაწყისია და მომავალში უფრო გაფართოვდება. უახლოესი წლების განმავლობაში უფრო მეტი და მეტი აბონენტი შეძლებს ამ ტექნოლოგიის გამოყენებას. ალბათ, მთავარი ეს არის, ვიდრე ის, „სილქნეტმა“ სწორად გამოიყენა თუ არა ლიცენზია. დიახ, აბსოლუტურად სწორად გამოიყენა. კომპანიის სრული უფლება იყო ამ ტექნოლოგიის დანერგვა არსებულ სიხშირეებზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ტექნოლოგიური გარდატეხა მოხდა.
5G მომსახურება გავუშვით ჩვენს ხელთარსებული სიხშირეების მეშვეობით. მოვახდინეთ სიხშირეების ოპტიმიზაცია, გამოვათავისუფლეთ სიხშირული ზოლი, რომელზეც შევძელით 5G მომსახურების გაშვება. საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირში, მოქმედებს ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, შესაბამისად, სრული უფლება გვაქვს, რომ 5G მომსახურება გავუშვათ იმ სიხშირეებზე, რომლებზეც აქამდე ვუშვებდით 2G-ს, 3G-ს და 4 G-ს.
რაც შეეხება აუქციონში მონაწილეობას – აგვისტოში ჩატარდა აუქციონი ახალ სიხშირეებთან მიმართებაში. ეს აუქციონი არ იყო 5G-ის მიწოდებაზე, ეს იყო ახალ სიხშირეებზე. არ მივიღეთ მონაწილეობა ამ აუქციონში, რადგან ჩავთვალეთ, რომ მისი პირობები არ აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს. კვლავ ამ აზრზე ვრჩებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მოხერხდება შეთანხმება მარეგულირებელ კომისიასთან, რათა მოგვეცეს ახალი სიხშირეების დამატების საშუალება“, – ამის შესახებ ევრონიუს ჯორჯიასთან კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერმა ილია ენუქაშვილმა განაცხადა.