ევროპული საბჭოს დღევანდელი სამიტის დიდი ნაწილი დაეთმობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის უახლეს მოვლენებსა და უკრაინისადმი მხარდაჭერას. რაც შეეხება უკრაინისადმი ფინანსურ დახმარებას, ამ მხრივ მეტ-ნაკლებად კონსენსუსია ევროპელ ლიდერებს შორის. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის გარშემო ბლოკის ერთიანობა ევროპის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერები მიაღწევენ შეთანხმებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არ არის ნათელი, მიიღებს თუ არა კიევი დამატებით დახმარებას აშშ-საგან და ამ ეტაპზე ევროკავშირმა უკვე გადაასწრო აშშ-ს სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დაბლოკავს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებასაც. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო.
ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში ჯამში 22 მილიარდი ევროა. შედეგად, ევროკომისიამ უნგრეთისთვის გაყინული ფონდიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. როგორც ევროკომისიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში ცვლილებების საპასუხოდ მიიღეს. თუმცა უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიარდ ევროზე წვდომის აღდგენას ითხოვს.
აზრთა სხვადასხვაობაა გაწევრიანების მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც. შეიძლება ითქვას, რომ სამიტის ყველაზე მწვავე საკითხი, რომელზეც ევროპელი ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, არის უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.
სამიტის დაწყებამდე ბოლო პერიოდში, მათ შორის გუშინ და დღესაც ბრიუსელში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მის მოსაზრებას, რომ იგი არ დაუჭერს მხარს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. მისი თქმით, უკრაინას არ შეუსრულებია ის წინაპირობები, რაც ამ პროცესის დასაწყებად არის საჭირო. იგი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ არის მზად და მის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები, რომლებიც არც უნგრეთისა და არც ევროკავშირის ინტერესებში არ შედის.
ორბანის მოსაზრებას არ იზიარებს ევროკავშირის ლიდერების დიდი ნაწილი. ისინი თვლიან, რომ ამ მხრივ, ისევე როგორც ფინანსური დახმარების მხრივ, ერთიანობა და სიმტკიცე არის აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გაწევრებას სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, მათი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
ევროკავშირის საბჭოს სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა.
გავრცელებული ცნობით, უნგრეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ორბანი ცდილობდა, გაემართლებინა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით კორუფციისა და სხვა საკითხების მოტივით. სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას კრიტერიუმები არ დაუკმაყოფილებია და გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება კიევთან შეუძლებელია.
მედიამ ჰკითხა ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროს, იზიარებდა თუ არა იგი ვიქტორ ორბანის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ შეუსრულებია კრიტერიუმები. მან ამის პასუხად თქვა, რომ ორბანი თავად არ არის იმ პოზიციაში, სხვას ასწავლიდეს ჭკუას, რადგან მისი ქვეყანა უნგრეთი თავად არ სცემს ყოველთვის პატივს ევროპულ წესებს.
რაც შეეხება საქართველოს, გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ოპტიმისტური მოლოდინია და ბრიუსელში მედიასთან საუბრისას არაერთმა ევროპელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს და იზიარებენ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემაც. თავდაპირველად ნიდერლანდების პოზიცია იყო, რომ მთავრობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ,,სიფრთხილით ეკიდებოდა“.
გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი: “ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ძალიან ბევრი გააკეთეს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაეტარებინათ. რა თქმა უნდა, მუდმივად არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა განიხილებოდეს მომავალში, თუმცა ახლა ისეთი პოლიტიკური სიტუაციაა, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას არ ეხება, არამედ საქართველოსაც, ბოსნია და ჰერცეგოვინასაც. ჩემთვის კითხვაც და პასუხიც ძალიან მარტივია: ჩემმა ქვეყანამ უდიდესი სარგებელი მიიღო ევროკავშირში გაწევრებით და მინდა დავსვა შეკითხვა: რატომ არ უნდა ჰქონდეთ ასეთივე განვითარება და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა ევროკავშირის წევრები არ არიან”.
ალექსანდერ დე კრო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი: “ჩემთვის სრულიად მისაღებია ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია. ის ითვალისწინებს ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გაატარეს. მხარს ვუჭერთ კომისიის შეფასებას”.
მარკ რუტე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: “ჩვენ მხარს ვუჭერთ გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ყველა რეკომენდაციას, მათ შორის საქართველოს შესახებაც”.
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: “საქართველოს საქმე კარგადაა, მზადაა. თქვენ ყველას უყვარხართ”.
ევროპელი ლიდერები დადებითად აფასებენ საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმაც აღნიშნა, რომ საქართველო კარგად მუშაობს, საქართველომ წარმატებას მიაღწია და მან უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით.
მიმდინარე 14-15 დეკემბრის სამიტზე კი ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცებენ თუ არა გაფართოების პაკეტს – საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, ჯამში 10 სახელმწიფოს პერსპექტივის შესახებ.