უკრაინის შეიარაღებული ძალების “ციმბირის ბატალიონი” კიევის მახლობლად საბრძოლო მომზადებას გადის. საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესის” ინფორმაციით, ეს ბატალიონი 6 თვის წინ შეიქმნა და მისი წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. ბატალიონის ერთ-ერთი მებრძოლი სახელად “კარაბასი” მოსკოვიდანაა. უკრაინაში ჩამოსვლამდე ის სომხეთში ცხოვრობდა. მას იმედი აქვს, რომ მოხალისეთა ბატალიონში რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე გაწევრიანდება.
„რატომ ვარ აქ? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არ მსურს ფაშისტი პუტინის რუსეთის ნაწილი ვიყო… იმიტომ, რომ საკუთარი ხალხის გამო გულდაწყვეტილი ვარ. აი, ამიტომ მინდოდა აქ ჩამოსვლა ომის დაწყებისთანავე. მსურდა, მებრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. მე უბრალოდ მინდა, ღირსეულად ვიცხოვრო. მე რუსეთს ჩემს ქვეყნად აღარ ვთვლი. თუ რუსეთი ომს დაიწყებს, მის წინააღმდეგ მომიწევს ბრძოლა. ვფიქრობ, მეტი რუსი უნდა შემოგვიერთდეს. აქ ასობით, ათასობით ჩვენგანი უნდა იყოს. ახლა ასე არაა, მაგრამ იმედი მაქვს, ოდესმე ასეც იქნება“, – აცხადებს რუსი მოხალისე “კარაბასი”.
საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესის” ინფორმაციით, უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის ათასობით მოქალაქე ჩამოდის. მოხალისეებს შორის არიან იაკუტიიდან და ბურიატიიდანაც. საბრძოლო მომზადების დაწყებამდე ისინი საფუძვლიან შემოწმებას გადიან, რომელიც შესაძლოა, ერთი წელიც კი გაგრძელდეს. ერთ-ერთი რუსი რეკრუტი სახელად “ჰოლოდი” ციმბირიდან ჩამოვიდა.
“რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს მოჰპარა შესაძლებლობები და მომავალი. ესაა არასწორი არჩევანის შედეგი, როდესაც ყველაზე ამორალური, უპრინციპო, უხერხემლო ხალხი მოდის ხელისუფლებაში. აუცილებელია, ეს ხალხი ძალაუფლებას ჩამოვაშოროთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ გამარჯვებაზე, რადგან დარწმუნებული ვიქნებით, რომ რუსეთი უეცარი აგრესიის წყარო მაინც აღარ იქნება”, – ამბობს “ჰოლოდი”.
“Since Russia launched offensive operations [near Avdiivka] in early October, they have gained a total of about seven miles in all directions around the city, according to ISW’s @georgewbarros.” @nytimes https://t.co/YlIxSoRBwi
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) December 12, 2023
ფრონტზე კი გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, გართულებული კლიმატური პირობების გამო ომის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, თოვლი და ყინვა რუსულ იერიშებს მნიშვნელოვნად აფერხებს. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” აქვეყნებს რუსი სამხედრო ბლოგერების ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კრემლი, მიუხედავად გაუარესებული ამინდისა, მაინც დიდი ძალით უტევს დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ავდიივკას. უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, რუსეთს კვლავ დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში უკრაინის ტერიტორიაზე 120 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჯამში კი რუსეთმა 17 სარაკეტო, 36 საავიაციო და 74 საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე.