მთავარისაქართველო"საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს" - ოლივერ ვარჰეი

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს” – ოლივერ ვარჰეი

იმის გათვალისწინებით, რომ შეფერხებულია უკრაინის კონტრშეტევა, დაძაბულობაა დასავლეთ ბალკანეთში, ახლოვდება აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლო და დასკვნითი ევროკომისიის სამიტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ბლოკის უახლეს ისტორიაში. და რა თქმა უნდა, ამ სამიტზე გახდება ცნობილი ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

სამიტზე განიხილავენ ევროკავშირის გრძელვადიან ფინანსურ გეგმებს, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების გამოწვევებს, ომს ახლო აღმოსავლეთში.

თუმცა მოსალოდნელია, რომ საუბარი დიდწილად უკრაინაში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნება.

ევროკავშირის ლიდერები ისაუბრებენ უკრაინაში რუსული აგრესიის ბოლოდროინდელ განვითარებასა და ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერაზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ევროპული საბჭო რეგულარულად იკრიბება უკრაინაში არსებული სიტუაციის განსახილველად. ომის დაწყებიდან დღემდე კი ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა ჯამში 82 მილიარდი ევრო გამოყვეს უკრაინის დასახმარებლად. ამაში იგულისხმება ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება, ისევე როგორც უკრაინიდან დევნილების დახმარება და სხვა.

ამ ეტაპზე ევროკავშირმა გადაუსწრო აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევით, თუმცა ეს ევროკავშირში ფართო კონსენსუსზე არ მიანიშნებს, არამედ რამდენიმე საკვანძო ქვეყნის მხარდაჭერაზე, როგორებიცაა გერმანია და სკანდინავიის ქვეყნები.

ევროკავშირის წინაშე მთავარი გამოწვევა ამ მხრივ არის, რომ მან უნდა იპოვოს ბალანსი შიდა ერთობასა და საგარეო პოლიტიკას შორის ისე, რომ ამავდროულად შეინარჩუნოს გაფართოების უნარი.

ევროკომისიის საიტზე ვკითხულობთ, რომ გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. გაფართოება არის მამოძრავებელი ძალა ევროპის მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყნებს შორის განსხვავებების შესამცირებლად და მან უნდა ხელი შეუწყოს იმ ღირებულებების გაძლიერებას, რაზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული.

ECFR-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც განხილულია ევროკავშირის მოქალაქეების განწყობები სხვადასხვა ქვეყნის ბლოკში გაწევრების შესახებ. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოქალაქეების 45% მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება ბლოკის უსაფრთხოებას შეასუსტებს და არა გააძლიერებს. მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს, რომ გააძლიერებს. თუმცა ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე ბლოკისთვის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

დღეს, 13 დეკემბერს, სამიტამდე ერთი დღით ადრე უნგრეთს პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას.

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი:”მთავრობის ამჟამინდელი პოზიცია არის, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრებას გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ეს კი არ შედის არც უნგრეთისა და არც ევროკავშირის ინტერესებში. უკრაინას უნდა დავეხმაროთ, თუმცა პროცესში არ უნდა გავანადგუროთ უნგრეთი. წნეხს განვიცდით, მაგრამ მაინც გავაგრძელებთ საღი აზრის გამოთქმას. ჩვენ გვსურს ვიხილოთ წარმატებული უკრაინა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა. ერთ დღეს ამას შეიძლება უკრაინის ევროკავშირში გაწევრებაც მოჰყვეს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრების დრო კი ჯერ არ დამდგარა”.

რაც შეეხება დასავლეთ ბალკანურ ქვეყნებს, აქაც მსგავსი სურათია, ევროკავშირის მოქალაქეების დიდ ნაწილს არ მიაჩნია, რომ ამ ქვეყნების ბლოკში მიღება მათთვის რაიმე უპირატესობის მომტანი იქნება უსაფრთხოების მხრივ. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ევროკავშირის მოქალაქეები დიდწილად ნეიტრალურად არიან განწყობილნი.

ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ გამოაქვეყნა დასკვნა გაფართოების შესახებ, სადაც წერია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ და მოუთმენლად ელის საკითხის მომავალ განხილვას.

ოლივერ ვარჰეი, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი: „ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან ნათელია. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გამოიარა, საქართველომ, მისმა მთავრობამ რეფორმები შეასრულა. ასე რომ, მათ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება – გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის“.

საათებია დარჩენილი ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. კანდიდატის სტატუსის მოლოდინში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ლიდერებს წერილობით მიმართა. მან წერილები გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და სხვა ლიდერებს. მან მათ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და ევროკომისიის რეკომენდაციისთვის, რომ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, რომელიც „მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში“ მდებარეობს, აგრძელებს თავისი, როგორც „რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის დასაყრდენის“ როლის განმტკიცებას.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია“, – ამბობს ღარიბაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული საბჭო „სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას“ მიიღებს ამ კვირაში, რაც „მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს ევროპული დემოკრატიების ოჯახთან“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend