მთავარიაზიაღაზაგაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.

193 წევრისგან შემდგარ ორგანიზაციაში ცეცხლის შეწყვეტას 152-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, ხოლო 23-მა თავი შეიკავა. უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო. მისგან განსხვავებით, გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არ აკისრებს ქვეყნებს ვალდებულებას, თუმცა მსოფლიოს საზოგადოების აზრის გამოხატვის მნიშვნელოვანი საზომია. კენჭისყრამ ასევე აჩვენა, მათგან რამდენად განსხვავებული პოზიციები აქვთ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს.

მანამდე ვაშინგტონში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით მიღება გამართა და შეკრებილ სტუმრებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მანამ, სანამ „ჰამასს“ არ გაანადგურებენ. თუმცა  დასძინა, რომ ისრაელი კარგავს მხარდაჭერას ღაზის ტერიტორიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გამო.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხანუქას დღესასწაულზე, 12 დეკემბერი, 2023 – Copyright AP

მან ასევე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, შეცვალოს კოალიციის წევრები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.

ამავდროულად, ისრაელი აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვას

ინტენსიური ბრძოლა ახლა ძირითადად სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისზეა გადატანილი. ბრძოლები მიმდინარეობს ასევე ეგვიპტის საზღვართან, რაფაჰშიც.

ღაზის სექტორის სამხრეთი ნაწილი ისრაელის დაბომბვის შემდეგ – Copyright AP

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის გამო 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 11 ფუნქციონირებს. მათი თქმით, ისრაელმა 18 200-ზე მეტი ადამიანი დახოცა.

ისრაელის სამხედრო ოპერაცია შვიდი ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ დაიწყო, „ჰამასის“ ისრაელში შეჭრას 1200 ადამიანი ემსხვერპლა. მათ გაიტაცეს 240-ამდე მძევალი, რომელთა ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის ხანმოკლე ზავის დროს გათავისუფლდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend