როგორი იყო 2023 წელი საქართველოსთვის – “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” 2023 წელს ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა.
ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყნის წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, ამასთან, გამოყოფს იმ არაერთ პრობლემას, რომელთა წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა.
საუბარია არაერთ გამოწვევაზე, მაგალითად, გაზრდილ წნეხზე სამოქალაქო ორგანიზაციებსა თუ მედიაზე, რაც მათ მუშაობას აფერხებს, სახელმწიფო უწყებების მიმართ შემცირებულ კონტროლზე, სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების პოლიტიზებაზე.
ორგანიზაციაში საგანგაშოდ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ პარლამენტში ნაცვლად პოლიტიკური და იდეური დაპირისპირებისა, ხშირია შეურაცხმყოფელი სიტყვები და აგრესია ოპონენტების მიმართ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას.
“რომ დავიწყოთ ინსტიტუციური თვალსაზრისით რა პრობლემები იყო, აუცილებლად ხაზგასასმელია რუსული კანონი უცხოური გავლენების შესახებ, რომელიც წლის დასაწყისში ვიხილეთ ჩვენ და რომელმაც დიდი საფრთხე შექმნა, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე თავისუფალი მედიის მუშაობისთვის და ამ კანონპროექტს ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში და უპრეცედენტო კრიტიკაც დაიმსახურა, საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე, საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” გაიწვია, რიტორიკა, აგრესიული თავდასხმები, სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტების მიმართ არ შეწყვეტილა. პრობლემა არის ისიც, რომ შეკრებების თვალსაზრისით, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების თვალსაზრისის კუთხით ხელისუფლება ამძიმებს წლიდან წლამდე პრაქტიკას”, – ამბობს გურამ იმნაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი.
კვლევაში წერია, რომ 2023 წელი მძიმე იყო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვისაც და რომ კვლავაც უცნობია, თუ რა ეტაპზეა დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის სახელმწიფო სტრატეგიების შემუშავების პროცესი.
“გვქონდა მძიმე ტენდენციები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით, ეს წელი ამ მიმართულებით განსაკუთრებით მძიმე იყო, როცა ჩვენ შემზარავი მკვლელობის საქმე ვიხილეთ ბატონი თამაზ გინტურის. აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე და რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა ამ მიმართულებით არ გვაქვს”, – ამბობს თამთა მიქელაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დამფუძნებელი.
პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრეს ლგბტქ+ თემის უფლებებზე და თქვეს, რომ საქართველოში მათ მიმართ პოლიტიკური ჰომოფობიაა, რომ ძალიან ხშირად დაუსჯელი რჩებიან ის პირები, ვინც ექსტრემიზმი და ძალადობა წაახალისა.
“მთავრობამ ამ წელს მიიღო ადამიანის უფლებათა სტრატეგია, ახლა იღებს ადამიანთა უფლებების სამოქმედო გეგმას და ამ დოკუმენტებში სრულად არის გამქრალი ლგბტ ადამიანები, როგორც სოციალური ჯგუფი, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა როგორც ერთ-ერთი დისკრიმინაციის საფუძველი”, – ამბობს თამთა მიქელაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დამფუძნებელი.
კვლევაში წერია, რომ მიუხედავად გამკაცრებულია პოლიტიკისა, იძულებითი ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება კვლავ გამოწვევად რჩება. ამ საქმეების დიდ ნაწილზე გამოძიება წყდება, ბრალდებულებთან კი საპროცესო შეთანხმება ფორმდება. და თუ როგორ შეიძლება დასრულდეს იძულებითი ქორწინება – ეს სწორედ 2023 წელს 14 წლის აითაჯის მკვლელობამაც აჩვენა, რომლის პრევენციაც ვერც სახელმწიფომ და ვერც საზოგადოებამ შეძლო.
კვლევაში ასევე საუბარია იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას შრომითი უფლებებისა და სოციალური უთანასწორობის მიმართულებით აქვს.
“ნიშანდობლივია ის, რომ გასულ წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა საქართველოში მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და დღესდღეობით 600 000-ზე მეტი ადამიანი იღებს ამ ფინანსურ დახმარებას ყოველთვიურად სახელმწიფოსგან და კიდევ უფრო მეტი თვლის, რომ მას სჭირდება ეს დახმარება და მიმართავს სახელმწიფოს სოციალური შემწეობის დანიშვნის თხოვნით. ეს კარგად აჩვენებს იმ სოციალურ მდგომარეობას, რაც არსებობს ქვეყანაში და ამ ფონზე ეს სისტემა, რომელიც არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი სახელმწიფოს ხელში, რომ დაეხმაროს ყველაზე ღარიბ მოსახლეობას, არის პრობლემური, ის ვერ ხედავს უამრავ ჯგუფს, მათ შორის ვერ ხედავს ჩვენს ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებს, მაგალითად, ქუჩაში მცხოვრებ უსახლკარო პირებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ წვდომა ამ სისტემაზე. გასულ წელსაც სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ არაერთი გაფიცვა, მათ შორის მაღაროელების, კულტურის სფეროში დასაქმებული მუშაკების, ტელევიზიის ოპერატორების, სასწრაფო დახმარების პერსონალისა და ა.შ. ვხედავთ ყველა სფეროში და ყველა სექტორში ამ ტენდენციას და ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად შრომითი უფლებების დაცვის ერთადერთი გზა ხდება გაფიცვა”, – ამბობს სალომე შუბლაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სოციალური პროგრამის დირექტორი.
პრესკონფერენციაზე ასევე თქვეს, რომ 2023 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებით. შოვსა და გურიაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება არაერთი შეკითხვა ამ პროცესში სახელმწიფოს როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ…