საზეიმო ვითარებაში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2023 წლის შეხვედრა. გალავახშამზე საპატიო სტუმრების სახით მიწვეულები იყვნენ დაჭრილი მებრძოლები, ისინი, ვინც უმძიმესი ფიზიკური და სულიერი ტრავმა მიიღო სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. ისინი, ვინც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენდა, პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლაში. და იმაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად რეკომენდაცია მიიღო, ამ მებრძოლების უდიდესი წვლილია, მათი თავდადების, მათი თავგანწირვისა და ბრძოლის ევროატლანტიკური ღირებულებებისათვის.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ უკვე 5 წელზე მეტია ზრუნავს დაჭრილებზე. ამ ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ხალხისა და კომპანიების რაოდენობა, ვინც დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვას უერთდება. ორიოდე დღის წინ კვლავ გაიმართა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2023 წლის შეხვედრა, სადაც ვრცლად ისაუბრეს კომპანია “სილქნეტის” მიერ 2018 წელს დაარსებული ფონდის თაობაზე და იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საზოგადოება ზრუნავდეს მათზე, ვინც საქართველოს იცავდა და იცავს. აქვე გეტყვით, რომ ფონდში შემოწირულების გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 0 901 777 771-ზე დარეკვით, თითო ზარიდან შესული ერთი ლარი ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა.
„2008 წლის 8 აგვისტოს, სამედიცინო სამსახურის წევრი ვიყავი. ომში მივიღე სახიფათო, მძიმე ჭრილობა. შემდეგ გავიარე რეაბილიტაციის კურსი, ვიმკურნალე და ახლა ისევ ვმსახურობ თავდაცვის ძალებში. არა მხოლოდ მებრძოლი ადამიანისთვის, არამედ ნებისმიერისთვის უმნიშვნელოვანესია გვერდით დგომა და დაფასება. მით უმეტეს ჩვენთვის, რომლებმაც სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ჯანმრთელობა და ჩვენი თავი გავწირეთ… და ამის შემდეგ რომ ვხედავთ, რომ გვაფასებენ, ეს ძალიან კარგია. უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს და გვაძლიერებს“, – ამბობს სერჟანტი ნანა ცხადაძე.
„მე ვარ ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. 2017 წლის 6 სექტემბერს ავფეთქდი ავღანეთში, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც მე მივიღე სხეულის დაზიანებები. მთლიანად ჩამიტარდა 63 ქირურგიული ჩარევა. ფეხი მაქვს ამპუტირებული და ასე შემდეგ… დღეს კვლავ აქტიური ვარ. მაიორი გავხდი და ვაგრძელებ კარიერას. ზოგადად ფონდი ყველა დაჭრილ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს გვერდში უდგას. ეს იქნება მედიკამენტების შეძენაში დახმარება, საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება, რეაბილიტაცია, დაჭრილ მებრძოლებს მაქსიმალურად გვერდში გვიდგას ფონდი”, – ამბობს ივერი ბუაძე, მაიორი.
გალავახშამს ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც ბევრი ისაუბრეს სამხედროებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„15 დეკემბერს ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს საქართველოსთან დაკავშირებით. მთელი ქვეყანა ჩვენ ამას ძალიან ველოდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დადებითი გადაწყვეტილება და თუ ეს ასე მოხდა, მინდა ყველამ იცოდეს და მინდა თქვენ იცოდეთ ბიჭებო, რომ უდიდესი ლომის წილი არის თქვენი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დამფუძნებელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ ამერიკელი და ქართველი სამხედროები ერთმანეთის გვერდიგვერდ იბრძვიან და შეერთებული შტატებისთვის დიდი პატივია ქართველი გმირების მხარდაჭერის შესაძლებლობა.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მინდა გამოვხატო პატივისცემა საქართველოს ვეტერანებისა და დაჭრილი მებრძოლებისადმი. მინდა გამოვხატო პატივისცემა მათდამი, ვინც გვერდში უდგას ამ ადამიანებს. ეს არის მაგალითად, “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი”. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ისინი იბრძვიან მხარდამხარ, ისინი იბრძოდნენ ერთად ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავაფინანსოთ და მხარი დავუჭიროთ რეაბილიტაციის პროგრამებს. მაგალითად, ჩვენ დავაარსეთ დაჭრილ მებრძოლთა რეაბილიტაციის ცენტრი წეროვანში, ასევე ვაფინანსებთ ქართველი სამხედროების მკურნალობას ამერიკაში. ძალიან დიდი პატივია, რომ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ გმირებს, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გაიღეს საკუთარი ქვეყნისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც”, – ამბობს რობინ დანიგანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.
„ჩემთვის საამაყოა, რომ “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” წლის შეჯამების ღონისძიებას ვესწრები. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორი, კომპანიები ჩაერთონ დაჭრილ მებრძოლებზე, საზოგადოებაზე ზრუნვაში. საქართველოს მომავალი, საქართველოს აწმყო თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ერთობლივი ზრუნვის შესანიშნავ მაგალითს ვხედავთ ახლა აქ. მებრძოლები საქართველოს უსაფრთხოების გარანტები არიან და როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი ვეტერანებით”, – შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
“მსგავსი მოვლენისა და მსგავსი ფონდის არსებობის მნიშვნელობა შეუძლებელია გადაჭარბებული იყოს. ჩვენ ვცხოვრობთ აქტიური ომის შემდგომ გარემოში და საქართველოს ვეტერანთა დიდი ნაწილი კვლავ იბრძვის საქართველოს დასაცავად. მქონდა პატივი ქართველ სამხედროებთან ერთად მემსახურა 2014-2015 წლებში ავღანეთში და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად”, – ამბობს დეივიდ ტემპლტონი, თავდაცვის ატაშე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში.
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წელს დააარსა კომპანია „სილქნეტმა“ და უკვე 5 წელზე მეტია ფონდის მხარდაჭერა ასობით ვეტერანმა მიიღო. ეს მხარდაჭერა გამოიხატება როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, ასევე პროფესიულ გადამზადებაში, დაჭრილ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე – მეუღლეებსა და შვილებზე ზრუნვასა და საცხოვრებელი გარემოს ადაპტაციის საკითხების მოგვარებაში. ფონდის წარმომადგენლები ყოველწლიურად საუბრობენ საზოგადოების მხრიდან დაჭრილი მებრძოლების ზრუნვის მნიშვნელობაზე.
“უკვე 5 წელია ეს ფონდი არსებობს და ყოველ წელს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა არის როგორც ფულადი, ასევე თანაგრძნობის სახით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ დაჭრილ მებრძოლებსა და ვეტერანებს სჭირდებათ ყურადღება და სჭირდებათ დაფასება იმის, რაც მათ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გალავახშამზე ასეთი დასწრებაა. ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები, ატაშეები აქ არიან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან აქ. თავდაცვის სამინისტრო არის სწორედ ჩვენი პარტნიორი და ჩვენ ერთობლივად, პარიტეტული პრინციპით ვაფინანსებთ”, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დამფუძნებელმა.
„ჩვენ ვამაყობთ თქვენით და დავეთანხმები ბატონი გიორგის სიტყვებს, რომ საქართველო თუ სადმე მსოფლიო ასპარეზზე კარგად წარმოჩნდა, ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. თქვენ იბრძოდით მშვიდობისთვის სხვადასხვა მისიაში, იქ თქვენ გააცანით არამარტო თქვენი თავი, არამედ საქართველო. გააცანით ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოსთვის და როგორი ხალხი ვართ ჩვენ. დღეს არის განსაკუთრებული დღე და მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” და კომპანია “სილქნეტს”, თქვენ ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ ფონდის მიმართ, არა როგორც დირექტორს, არამედ როგორც ვეტერანს. მე მახსოვს ის წლები, როცა ომში ყოფნა და ვეტერანობა უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა საზოგადოების მხრიდან. მივცემ ჩემს თავს უფლებას ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც დღეს კეთდება იმიტომ, რომ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა არავინ იცის, რამდენი პრობლემა არსებობს, მაშინ როცა ადამიანი ომიდან ბრუნდება. და როცა ომიდან დაბრუნებულებს საზოგადოებაში ინტეგრირება უჭირთ. და ყველას უჭირს… მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად ფონდში შემოწირული თანხების რაოდენობა იზრდება და ეს იმის მაჩვენებელია, რომ ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის გვერდში დგომა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ზუსტად იმავენაირად დავეხმაროთ ვეტერანთა მეუღლეებს, როგორც ვეტერანებს იმიტომ, რომ მეუღლეც ზუსტად ისე აღიქვამს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს სჭირს, როგორც თავად დაჭრილი მებრძოლი. მე ვფიქრობ, რომ რამდენი თანხაც არ უნდა გაიღოს ქვეყანამ, იმის სამაგიეროს ვერასდროს ვერ გადაუხდის მეომარს, რომელმაც თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ოჯახის წევრების ნერვიულობა გაწირა იმისათვის, რომ თავისი ქვეყნისთვის ემსახურა. და ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რაღაც ფულსა და პროექტებზე“, – ამბობს დავით მამულაიშვილი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დირექტორი.
2018 წლიდან დღემდე კომპანია „სილქნეტმა“ სამხედროებზე ზრუნვის მიზნით მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიშზე. “სილქნეტთან” ერთად საერთო ძალისხმევით კი, ამ ხუთი წლის განმავლობაში, ორი მილიონ ხუთასი ათას ლარამდე თანხა მოხმარდა დაჭრილ მებრძოლთა საჭიროებებს.
2023 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრეს იმ მიღწევებზე, რომლებიც “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი და ასევე სამომავლო გეგმებზე… იმ საქმეებზე, რომლებიც დაჭრილი მებრძოლებისა და მათი ოჯახების ცხოვრებას მეტად გააუმჯობესებს.