მთავარისაქართველოსაქართველოში ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა

საქართველოში ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა

თბილისში დღეს, 9 დეკემბერს, ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაშალეს. ამ ამბავთან დაკავშირებული მარში 2 საათზე “რესპუბლიკის მოედანზე” დაიწყო და “ევროპის მოედანზე” გადაინაცვლა. სწორედ იქ გაიშალა უპრეცედენტო მასშტაბის ევროკავშირის დროშა.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა 726 კვადრატული მეტრია. მასზე დატანილი 12 ვარსკვლავი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიკერა. საინტერესო ფაქტია, რომ დროშის ერთ-ერთი ვარსკვლავი ოკუპირებულ აფხაზეთში დამზადდა და ის თბილისში პარასკევს საღამოს ჩამოიტანეს. დროშა თბილისის ერთ-ერთ ატელიეში რამდენიმე დღის განმავლობაში იკერებოდა.

“ჩვენი ხმა ევროკავშირს” – ეს იყო მარშის სახელწოდება. ამ გზით ორგანიზატორებსა და მარშის მონაწილეებს სურთ, კიდევ ერთხელ გააგონონ საქართველოს ხმა ევროპას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპული არჩევანის ერთგულია.

ზუსტად ერთ კვირაში კი ევროპული საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს განიხილავენ. სწორედ ამ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის. ევროპელი ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, დაიწყებენ თუ არა მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების თაობაზე უკრაინასა და მოლდოვასთან. ამ ქვეყნებს უკვე აქვთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა სწორედ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის.

დადებითი რეკომენდაცია ამის შესახებ ევროკომისიამ უკვე გასცა. კერძოდ, 2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით რიგ ნაბიჯებს გადადგამს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend