მთავარიგადაცემებიპრიზმაკლიმატზე ზრუნვა საუნივერსიტეტო სივრცეში

კლიმატზე ზრუნვა საუნივერსიტეტო სივრცეში

კლიმატის ცვლილების შედეგები დღითიდღე უფრო მეტად იგრძნობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა. კლიმატის ცვლილება და მისგან გამოწვეული პრობლემები, გარემოს დაცვა – ამ უმნიშვნელოვანეს თემებზე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” საგანგებო კონფერენცია გაიმართა.

რა იყო ის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც უნივერსიტეტში იმსჯელეს…

„კლიმატის ცვლილება გლობალური ხასიათის მოვლენაა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, მსოფლიოს ყველა კუთხეზე ახდენს იგი  გავლენას. საქართველოში ამ მიმართულებით უკვე ბევრი პროექტია შექმნილი, შესაბამისი ზომების მიღება და სტრატეგიის შემუშავებაც მიმდინარეობს, მიზანი კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მაქსიმალურად შემცირებაა. მაგალითად, რიონის სეზონური ადიდება ავიღოთ, ეს ხომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების ნათელი გამოხატულებაა. ადგილობრივი ადმინისტრაცია ყოველ წელს იღებს შესაბამის ზომებს და საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურად თანამშრომლობს“, – განაცხადა პროფესორმა მაიკლ ლუკენმა.

„კლიმატი უმნიშვნელოვანესია, მას თუ არ გავუფრთხილდებით, კაცობრიობის არსებობისთვის შეუთავსებელ პირობებს შევქმნით. ამინდი გაუარესდება, წყლის დონის ზრდა გარდაუვალი იქნება… კაცობრიობას ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული კლიმატის თვალსაზრისით ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები. გასაკეთებელი ბევრია – უნდა შემცირდეს ჰაერის დაბინძურება, უნდა მოვემზადოთ იმ ახალი მსოფლიოსთვის, რომელშიც მალე შევაბიჯებთ, სადაც რისკების შემცირება აუცილბელია“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა.

პოლიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ცდილობენ, კლიმატის ცვლილებების კრიზისთან გასამკლავებლად ახალი გზები და მეთოდები შეიმუშაონ. ამ პროცესში “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიცაა” ჩართული. ტარდება კვლევით სამუშაოები როგორც ეროვნული, ისე  საერთაშორისო მასშტაბით.

„მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოს მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამ დიდ ცვლილებებში მონაწილეობს, საკმაოდ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების ჩართვა. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ ბუნებასთან მეგობრულები და რასაც ვუყურებთ, ყველა უნივერსიტეტი ეხმარება, სტუდენტებს ინფორმაციას აწვდის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ის ყველა პირობა, რაც კლიმატის შენარჩუნებას სჭირდება. “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა” მიიღო “Impact rankings” ადგილი, მოვხვდით მსოფლიოში 200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს“, – განაცხადა “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორმა გია ბარკალაიამ.

ამ პროცესში საქართველოს თავიანთ გამოცდილებას პარტნიორი ქვეყნებიც უზიარებენ. მაგალითად,  გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია გაითვალისწინოს გერმანიის როგორც წარმატებული ნაბიჯები, ისე მის მიერ დაშვებული შეცდომები.

„კლიმატის პოლიტიკის გატარების დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ შვეძელით საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, რაც მაგალითად გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკურმა ზრდამ, გარემოს დაბინძურების მომატება არ გამოიწვიოს. მავნებელი აირების გამონაბოლქვი არ უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის აუცილებელი თანმდევი მოვლენა. ჩვენს სახელმწიფოში კლიმატის პოლიტიკას 70-იანი წლების დასასრულიდან ვატარებთ, გვქონია წარუმატებლობაც ამ თვალსაზრისით და თქვენ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები უნდა გაითვალისწინოთ. დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით და ეს პროცესი დაწყებულია, ვთანამშრომლობთ განახლებული ენერგიის საკითხებში, გვაქვს ახალი საპილოტე პროექტი, წყალბადის გამომუშავების თაობაზე განახლებადი ენერგიის საშუალებით. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ამგვარი, ანუ განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, ჰიდროელექტროსადგურების თვალსაზრისით, თქვენ ხომ მაღალი მთების ქვეყანა ხართ. ასევე კარგი იქნება მზის ენერგიის გამოყენება, ქარის ელექტროსადგურების. ჩვენ შეგვიძლია წყალბადის წარმოება, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ  საქალაქო ტრანსპორტისათვის, რათა სუფთა ურბანული ტრანსპორტი გქონდეთ”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა.

კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა. ითქვა, რომ კლიმატზე საუბრის გადადება არ შეიძლება. შეხვედრა გაიხსნა დუბაიში კლიმატის მსოფლიო კონფერენციის მიმდინარეობის დროს, რომლის მთავარი მიზანი გლობალური დათბობის თავიდან არიდებაა. გლობალური დათბობა და ლოკალური ამოცანები – აი, ამაზე საუბრობდნენ კონფერენციაზე აკადემიური წრეები.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend