მთავარიმსოფლიოკავკასიამშვიდობის საწყისი სამხრეთ კავკასიაში

მშვიდობის საწყისი სამხრეთ კავკასიაში

სამხრეთ კავკასიის რეგიონში სეპარატიზმის პირველი მარცხი მალე დე-იურე გაფორმდება. ბაქოსა და ერევანს შორის შესაძლოა, გაფორმდეს დიდი ხნის წინ ხელმოსაწერი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ორის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს დაადასტურებს. 1988 წელს დაწყებული კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში 1993-94 წლებში გადაიზარდა, მყიფე მშვიდობამ კი 2020 წლამდე გასტანა. მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ეგრეთწოდებული არცახის რესპუბლიკის თვითლიკვიდაციამდე კი 2 წლის განმავლობაში კონფლიქტის რეგიონი გაურკვევლობისა და ჰუმანიტარული კრიზისის კერა იყო. დღესდღეობით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ეთნიკური სომხების დასახლებები თითქმის სულ ცარიელია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. ბაქო და ერევანი აპირებენ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასაც. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში სამი მედიატორია: ვაშინგტონი, ბრიუსელი და მოსკოვი.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის ახალ ეტაპზე გადასვლას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოუწოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს დაპირისპირების რაც შეიძლება მალე დასრულებისკენ.

მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი ხარისხის საუკეთესო მაგალითი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებაა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინს დაიჭერენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წელს დაწყებული კონფლიქტის შედეგად ორივე მხარეს 50 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცია დაღუპული. სომხეთი თითქმის 30 წლის განმავლობაში აკონტროლებდა მთიან ყარაბაღსა და დამატებით 8 აზერბაიჯანულ რაიონს, დღესდღეობით კი მთიან ყარაბაღში ერთ დროს მცხოვრები 100-ათასიანი სომხური ეთნიკური უმცირესობა გახიზნულია. ბაქოსა და ერევანს შორის ტერიტორიული დავის ფონზე სომხეთს ეგრეთწოდებული მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არასოდეს უღიარებია.

ეთნიკურად სომეხი ქალი მთიან ყარაბაღში საცხოვრებელს ტოვებს და სომხეთში მიემგზავრება, 27 სექტემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Vasily Krestyaninov

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში არსებული დადებითი დინამიკის დასტურია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე კლიმატის საკითხებთან დაკავშირებული ფორუმის ბაქოში ჩატარების შესახებ თანხმობა ორ სახელმწიფოს შორის, COP 29 მომავალ წელს დიდი ალბათობით სამხრეთ კავკასიაში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend