რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მოსკოვში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისს უმასპინძლა. ვლადიმერ პუტინი გუშინ საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.
ირანელი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების შესახებ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლა. მოსკოვში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც რუს კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების შესახებ ხელშეკრულებას.
ებრაჰიმ რაისი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი: “ამ ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს. ბატონო პრეზიდენტო, ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენ მზად ვიყავით თქვენი საჰაერო ხომალდის დასახვედრად და თქვენი მასპინძლობისთვის თეირანშიც”.
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: “ბატონო პრეზიდენტო, მე ვიღებ თქვენს მოწვევას და მსურს გითხრათ, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ახალ მასშტაბებს იძენს, თუნდაც, ახლა წინა საახალწლო პერიოდში საკმაოდ ბევრ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზეც”.