ეკოსოფელი ბუკელი ნიდერლანდების ყველაზე მდგარად ორგანიზაციად დასახელდა 2021 წელს. თავისი ეკოლოგიური ბაღჩა-ბაღითა და მზის ენერგიაზე დაფუძნებული გათბობის სისტემით ეს ევროპული პროექტი უფრო ეკოლოგიური ცხოვრების წესს ამკვიდრებს.
ციდან ეს სოფელი ისე ჩანს, როგორც ყვავილების სახლი. ეკოსოფელი ბუკელი, ფაქტობრივად, თვითკმარი დასახლებაა, რომელიც ხმათა უმეტესობით 2021 წელს ნიდერლანდების ყველაზე მდგრად ორგანიზაციად დასახელდა.
კრიზისებით, ომითა და კლიმატური გამოწვევებით სავსე სამყაროში ეს ევროპული პროექტი გვთავაზობს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განახლებისკენ მიმავალ გზას.
“გაერო ამბობს, რომ 2030 წლისთვის კაცობრიობის ნახევარს შეეხება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები,“ – ამბობს ად ვლემსი, ეკოსოფელ ბუკელის პროექტის მენეჯერი. „ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ თვითკმარი საზოგადოება საკვების, წყლისა და ენერგიის თვალსაზრისით. ეკოსოფელი ბუკელი მსოფლიოს მასშტაბით წამოწყებული ეკოსოფლების პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ეძებენ გზებს, რომ არ დაზარალდნენ კლიმატის ცვლილების გამო.“
Ecovillage Boekel in the Netherlands. How sustainable innovations make the difference in terms of regulations and laws? Ad Vlems, Project Manager @ecovillageboekel pic.twitter.com/m78ghAfELD
— Aurora Velez (@goizlyon) November 22, 2023
ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე ეკოსოფელი ბუკელი 36 მდგრადი ბინისაგან შედგება. ცირკულარული ეკონომიკის მიმდევარი 48 ზრდასრული მოქალაქეა ჩართული ამ ევროპულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც არაფერი იკარგება ფუჭად – არცერთი წვეთი წყალი და არცერთი კილოვატი ელექტროენერგია.
ენ-მერი ვილჰელმუნდ ჰენდრიქსენი უკვე წელიწად-ნახევარია ამ საზოგადოებაში ცხოვრობს. ეს სახლები ბიომდგრადი მასალებითაა აგებული, როგორებიცაა ხე და კანაფი. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ენ-მერიმ ბუკელში გადაწყვიტა გადასვლა.
“ამ სოფლის ფასეულობის ნაწილია ის, რომ კანაფს იყენებენ მშენებლობისთვის,“ – ამბობს ენ-მერი. „ ვიფიქრე, რომ ეს მშვენიერი საშენი მასალაა, კარგად ათბუნებს და მისი სახლი ჯანმრთელობისთვის კარგია. ეს სახლები უფრო მეტ CO2-ს შთანთქავენ, ვიდრე აფრქვევენ. და ეს ყველაფერი არ არის, ამ მშვენიერ ბაღჩაში თითოეული ჩვენგანისთვის საკმარისი სურსათი მოგვყავს, არადა აქ 50 სული ვცხოვრობთ.“
ამ სოფლის მკვიდრნი აშენებენ ე.წ. „სურსათის ტყეს“ – ისინი ხილსა და ბოსტნეულს ხეებსა და ბუჩქებს შორის რგავენ, რისი წყალობითაც ბაღჩა-ბაღი უფრო კარგად უძლებს თავსხმა წვიმას, გვალვასა და სიცხეს.
ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა, საიდანაც 2.5 მილიონი ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციამ გაიღო, ერთი მილიონი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამამ, ხოლო ნახევარი მილიონი ნიდერლანდების ენერგეტიკისა და კლიმატის სამინისტრომ.
ბუკელში ინოვაციის მრავალნაირი ექსპერიმენტი ტარდება, როგორიცაა, მაგალითად, მზის ენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემა (César), რომელიც ინახავს ეკოსოფელში განთავსებული მზის 600 პანელის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას.
“ელექტროენერგიის შემნახველ განყოფილებაში ტემპერატურა 450 გრადუსს რომ მიაღწევს, მერე სითბო გადაეცემა სახლებში მოწყობილ იატაკქვეშა გათბობის სისტემას. ეს არის სისტემა, რომელიც არ გამოყოფს ნახშირბადს,“ – განმარტავს კომპანია CESAR-energy storage-ის წარმომადგენელი ხონი ვან დერ ვორსტი.
ეკოსოფელ ბუკელს რამდენიმე ჯილდო გადაეცა თავისი ეკომეგობრული შენობებისა და ცხოვრების წესის გამო, რომელიც მწვანე მომავალს უხსნის კარს.
ავტორი: ავრორა ველესი