მთავარიევროპაუკრაინასენატში უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

სენატში უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, კრემლმა მხოლოდ ერთ დღეში 104-ზე მეტი საავიაციო და 101 საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. კრემლმა ამჯერად უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა, იგი 50 დრონით დაესხა თავს უკრაინას. ამ დროს კი აშშ-ის სენატში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ მსჯელობენ. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა სენატში წარადგინეს ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი, რომლის მოცულობაც 111 მილიარდი დოლარია. 167-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, 15 მილიარდი დოლარით უკრაინას დაეხმარებიან, 10.6 მილიარდი დოლარით კი ისრაელს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, სენატში დამატებითი თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. რესპუბლიკელები გეგმავენ, დაბლოკონ ეს ინიციატივა, თუ დემოკრატები არ დასთანხმდებიან საზღვრის კონტროლის გამკაცრებას მექსიკასთან. პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

უკრაინისთვის დამატებითი ფინანსების მნიშვნელობაზე საუბრობენ სენატის უმრავლესობის წევრები. დემოკრატ ჩაკ შუმერის თქმით, ეს გადამწყვეტი მომენტია დასავლური ცივილიზაციისთვის. როგორც შუმერი აცხადებს, თუ კონგრესი არ იმოქმედებს შესაბამისად, უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა წლის ბოლომდე ამოიწურება. იგი ასევე დასძენს, რომ თუ კონგრესი ვერ დაიცავს დემოკრატიას გაჭირვების დროს, ისტორია მას მკაცრად განსჯის.

ცნობილი იყო, რომ სენატის სხდომის დროს დისტანციურად უნდა ჩართულიყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელსაც ფრონტის სიახლეების შესახებ უნდა წარედგინა ინფორმაცია. თუმცა სენატორმა შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პირველმა პირმა ონლაინჩართვა გააუქმა.

ამჟამად აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი. როგორც საერთაშორისო მედია წერს, სენატში კანონპროექტს საპროცედურო კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, დღეს გაიტანენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend