მთავარიაზიაისრაელიისრაელის არმიის შეტევის ფონზე ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება

ისრაელის არმიის შეტევის ფონზე ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. ორ მხარეს შორის დროებითი ზავის შედეგად 100-ზე მეტი ისრაელელი დაუბრუნდა ოჯახს, ისრაელმა კი სანაცვლოდ 240 პალესტინელი გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის თქმით,  იერუსალიმმა სამხედრო ოპერაციის მესამე ფაზა წამოიწყო. 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ ღაზის სექტორში 16 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათი უმრავლესობა არასრულწლოვანი და ქალია, 40 ათასზე მეტი კი დაჭრილია, ეს ინფორმაცია ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ისრაელის სამხედრო შვეულმფრენი ისრაელ-ღაზის საზღვართან, 6 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Ariel Shalit

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ეპიცენტრი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილია.

ისრაელის თავდაცვის ძალები სექტორის სიდიდით მეორე ქალაქის, ხან იუნისის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ისრაელი სამხედრო ოპერაციის მესამე ფაზაზეა გადასული. სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილშიც და დასავლეთ სანაპიროზე.

პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის არმიამ 40 პალესტინელი დააკავა, ისრაელის მხარე კი აცხადებს, რომ დაკავებული 21 ადამიანია.

სროლა ისმის ისრაელის ჩრდილოეთ სახელმწიფო საზღვართანაც, სადაც ორგანიზაცია “ჰეზბოლას” სამხედრო შენაერთებმა ისრაელის არმიაზე 15 იერიში მიიტანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივნის განცხადებით, იერუსალიმი ყველა ღონეს იხმარს “ჰამასის” ტყვეობაში დარჩენილთა გასათავისუფლებლად.

დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ჩვენი სამხედრო ძალები ღაზის სექტორში “ჰამასს” ანადგურებენ. არცერთი წამით არ შეგვიწყვეტია ძალისხმევა ტერორისტების მიერ გატაცებული მოქალაქეების დაბრუნებისთვის. ჩვენი სადაზვერვო სამსახური აქტიურად მუშაობს ამ მიზნით ვინაიდან ვიცით რომ ყოველი წუთი “ჰამასის” ტყვეობაში საშიშია. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ადამიანების სახლში დაბრუნებისთვის მეტი უნდა იზრუნოს”.

ალ-აქსას საავადმყოფოს სიახლოვეს სამხედრო მოქმედებების შედეგად საკუთარი სახლებიდან გამოძევებული ადამიანები არიან შეკრებილნი. მათი თქმით, ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქში და მის გარშემო მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია.

კარვები რაფაჰში, 6 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Hatem Ali
პალესტინელების კარვების ბანაკი რაფაჰში, 6 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Hatem Ali

ქალაქ ღაზაში ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების ცხედრები საავადმყოფოს შენობასთან დაასვენეს.

7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ ღაზის სექტორში 16 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, 40 ათასზე მეტი კი დაჭრილი. ეს ინფორმაცია ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

პალესტინელები გლოვობენ ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპულებს, 6 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Mohammed Dahman

“ჰამასსა” და ისრაელს შორის დროებითი ზავის შედეგად 240 პალესტინელი და 100-ზე მეტი ისრაელელი დაბრუნდა სახლში, “ჰამასის” ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება ისრაელის 138 მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend