„ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“- ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელიც დღეს “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” გახსნა. გამოფენა ეკუთვნის უცნობ ფოტოგრაფს, რომლის ნამუშევრებიც “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” წევრებმა 2022 წელს ძველმანების ბაზრობაზე იპოვეს. მათი თქმით, ფართო ფორმატის 500-ამდე მინის ნეგატივი დიდ შავ ჩემოდანში იყო. ფოტოსურათების გაციფრულების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ კი უცნობი ფოტოგრაფის არქივმა ახალი და განსაკუთრებული კუთხით წარმოაჩინა 1930-იანი წლების თბილისი და საქართველოს სხვადასხვა მხარე.
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის, განცხადებით, უცნობი ხელოვანის ეს ფოტომემკვიდრეობა მომავლისთვის განკუთვნილ გზავნილადაც შეგვიძლია დავინახოთ.