მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დიდთოვლობამ ავტომაგისტრალების პარალიზება გამოწვია

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დიდთოვლობამ ავტომაგისტრალების პარალიზება გამოწვია

გერმანიაში, საქსონიაში, კემნიციდან 40 კილომეტრში, დიდთოვლობის გამო სკოლის ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაიღუპა 10 წლის სკოლის მოსწავლე.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, თერთმეტმა პირმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

დიდთოვლობამ ჩრდილეთ ინგლისში ავტომაგისტრალების პარალიზება და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია

დიდთოვლობის გამო მძღოლებს სპეციალურ თავშესაფრებსა და საკუთარ ავტომობილებში მოუწიათ ღამეს გათენება. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დაახლოებით 2500 საცხოვრებელ სახლს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი დიდთოვლობა 60 წელზე მეტია არ უნახავთ. ისინი ეგუებიან იმ აზრს, რომ უამინდობა შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

დიდთოვლობაა სამხრეთ პოლონეთშიც. კრაკოვი ჯერ ისევ გადათეთრებულია, მიუხედავად იმისა რომ, უკვე სამი დღეა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ უქმეებზე ქალაქში 30 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი მოვიდა. ეს ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რამდენიმე წლის განმავლობაში.

კრაკოვის სახანძრო სამსახურის სპიკერი ჰუბერტ ცეპლი ამბობს, რომ ისინი 68-ჯერ გავიდნენ გამოძახებაზე, დიდთოვლობის გამო წაიქცა ხეები. მისი თქმით, ხე და ტოტები ყველგან იყო: ტროტუარებზე, გზებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზეც კი.  ასევე იყო 80 ავტოსაგზაო შემთხვევაც, დაშავებულია  22 ადამიანი.

დიდთოვლობამ მოძრაობა შეაფერხა რუსეთის დედაქალაქშიც. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეჩერდა ფრენები მოსკოვის სამ აეროპორტში. უამინდობაა ასევე ციმბირის რეგიონში, სადაც გარკვეულ ადგილებში ტემპერატურა -50-იც კი იყო.

იაკუტსკის მცხოვრებთ ველოსიპედით გადაადგილება ურჩევნიათ  ავტობუსის გაჩერებაზე ლოდინს. ფიქრობენ, რომ ეს ერთგვარი ვარჯიშიცაა.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. მსგავსი ვითარებაა მეზობელ მაგადანის რეგიონშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend