დუბაიში მიმდინარეობს კლიმატის 28-ე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 70 000-ამდე დელეგატი ესწრება მთელი მსოფლიოდან.
კონფერენციის მონაწილეებმა უკვე მოამზადეს ახალი პროექტი, რომელიც მოქმედების ძირითად გეგმას მოიცავს.
კლიმატის შესახებ მომზადებულ პირველ გლობალურ ანგარიშში ასახულია, რა მოხდა და რა შეიცვალა პარიზის 2015 წლის კლიმატის კონფერენციის შემდეგ და რა კეთდება დღეს ვითარების გამოსასწორებლად.
,,ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თავიდან ავირიდოთ გლობალური დათბობა და ამ მხრივ სიტუაცია დავასტაბილუროთ. თუ გამონაბოლქვს შევამცირებთ, ვფიქრობთ, რომ შედეგს 2030 წლისთვის მივაღწევთ”, – ამბობს ადნან ამინი, კლიმატის კონფერენციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.
თუმცა მომიტინგეები, რომლებიც კონფერენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი, ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი. მათი თქმით, გლობალური დათბობის შესაჩერებლად ქვეყნები შესაბამისად არ მოქმედებენ.
,,ხალხი ამ კონფერენციის გამო იმედგაცრუებულია. ზოგიერთს აღარც სჯერა, რომ ქვეყნები კლიმატის პრობლემების მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მთავრობებს შევახსენოთ, რა ვალდებულებები აკისრიათ’’, -ამბობს ლიდინიდა ნასპილი, აზიის სახალხო მოძრაობის წევრი.
აქტივისტები ითხოვენ, რომ ეტაპობრივად შეწყდეს წიაღისეული საწვავის გამოყენება, მათი აზრით, ეს ერთადერთი გზაა კლიმატის კრიზისისგან თავის დასაღწევად.
კლიმატის სამიტი 30 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.