მთავარისაქართველოვიქტორ ორბანის პოლიტიკა - როგორ აფასებენ ქართულ პოლიტიკურ წრეებში

ვიქტორ ორბანის პოლიტიკა – როგორ აფასებენ ქართულ პოლიტიკურ წრეებში

მმართველი გუნდის წევრებმა დღეს უნგრეთში ვიზიტი დაიწყეს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც 10 დღეში საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. ოპოზიცია აკრიტიკებს ორბანთან თანამშრომლობას და ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს.

“ერთი ერთში ჰგავს საქართველოს ხელისუფლებისა და ორბანის განცხადებები და ქმედებები ერთმანეთს. ორბანი აშანტაჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხზე და ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ეს არის ევროკავშირის გაფართოების საკითხი. ორბანი ცდილობს, დააშანტაჟოს ევროკავშირი და მიიღოს 24-მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც ევროკავშირს გაყინული აქვს მისთვის უნგრეთის შიდა პოლიტიკური პროცესების გამო. ცხადია, რასაც ორბანი ახლა აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც გაფართოების არეალში მოიაზრებიან. ორბანის ეს განცხადება ახლა თუ ვინმეს უწყობს ხელს, ეს არის პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შემთხვევითი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მოკავშირე ჰყავს და ის არის პრორუსულად განწყობილი ორბანი, რომელიც ევროკავშირისთვის არის დიდი თავის ტკივილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭო უკრაინის საკითხზე.  წერილში ვიქტორ ორბანი ითხოვს 14-15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას ევროკავშირში უკრაინის გაწევრებისა და ომში მყოფი ქვეყნისთვის გრძელვადიანი ფულადი დახმარების საკითხები.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხი, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სვამს, შინაარსობრივად სხვა არის და მისი მექანიკურად საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირება არ შეიძლება.

„ნუ აკეთებთ დასკვნას, რომ საქართველოსთვის რაიმე ცუდი იქნება, ცუდით აჟიტირებას ნუ ჩქარობთ! 15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინ პრობლემა არ უდგას. რასაც ორბანი სვამს, სხვა ხასიათის პრობლემაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიენიჭოს. ერთია კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და მეორე – გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. თქვენ გინდათ ეს ორი საკითხი ერთმანეთს დააკავშიროთ, რათა ერთკვირიანი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა გააჩაღოთ. უნდა შევეგუოთ, რომ ევროპა ყოველთვის ყველაფერში ერთსულოვანი არ არის, იქნება სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა პოლიტიკოსი, რომელთაც სხვადასხვა საკითხზე შეიძლება სხვა მიდგომა ჰქონდეთ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრობლემა არც ევროკომისიის, არც ევროპული საბჭოსა და არც უნგრეთის მხრიდან არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სწორედ 14-15 დეკემბრის სამიტზე უნდა გადაწყდეს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხსაც განიხილავენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend