მთავარიევროპაუკრაინაკიევში ითხოვენ მარიუპოლში რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი მებრძოლების გათავისუფლებას

კიევში ითხოვენ მარიუპოლში რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი მებრძოლების გათავისუფლებას

კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი არიან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები იმ უკრაინელი ჯარისკაცების, რომლებიც მარიუპოლში მძიმე ბრძოლის შემდეგ რუსებმა ტყვედ აიყვანეს.  შეკრებილები ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დემონსტრაცია აზოვსტალის მცველების ოჯახების ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.

“ჩვენი ბიჭები მარიუპოლს იცავდნენ და ყველაზე დიდი დარტყმაც სწორედ მათ მიიღეს. რაც შესაძლებელი იყო, ყველანაირი ბომბი დაუშინეს. ამ ყველაფერს კი ისინი მამაცურად დაუდგნენ წინ. ამიტომაა, რომ ჩვენ, მათი დედები, დები, ცოლები, ნათესავები, შეყვარებულები, ყველანი ვიკრიბებით აქ და მსოფლიოს ვახსენებთ, რომ მათი გათავისუფლება აუცილებელია. უკვე ბევრი მათგანი ტყვეობაში გარდაიცვალა”, – ამბობს ჯულია, მარიუპოლში მებრძოლი ჯარისკაცის დედა.

“ჩვენ ვიბრძვით აზოვსტალის მცველებისა და სხვა უკრაინელი მებრძოლების გასათავისუფლებლად, რომლებიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ვიცით, რომ მათ კვირაში შვიდი დღე აწამებენ… უწევთ უამრავი დამცირების მოთმენა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი გმირები. გვჭირდება, რომ ისინი დაბრუნდნენ უკრაინაში. ისინი უნდა დავიხსნათ რუსული ტყვეობიდან”, – განაცხადა კატერინა პროკოპენკომ, “აზოვსტალის მცველების ოჯახების ასოციაციის” დამფუძნებელმა და აზოვის ბრიგადის მეთაურის მეუღლემ.

რუსეთმა მარიუპოლი გასული წლის მაისში, თითქმის სამთვიანი ალყის შემდეგ აიღო. შედეგად, სტრატეგიული საპორტო ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია.

აზოვსტალის ფოლადის ქარხანას, ერთადერთ ადგილს მარიუპოლში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა, აზოვის ბატალიონი 3 თვის განმავლობაში იცავდა. მანამ, სანამ ალყის პირობებში საომარი მოქმედებების გაგრძელება შეუძლებელი გახდა და უკრაინის მთავრობამ მათ ქარხნის დატოვებისა ბრძანება მისცა.

2022 წლის 21 მაისს მარიუპოლის მცველებმა ბრძოლა შეწყვიტეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენესკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შენელდა. მისი თქმით, რამდენიმე ათასი ადამიანი უკვე დაბრუნდა სახლში, თუმცა უფრო მეტი, კიდევ რამდენიმე ათასი, კვლავ ტყვეობაშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend