მთავარიგადაცემებიThe Road To Greenევროკავშირის გზა სუფთა ჰაერისკენ მიდის

ევროკავშირის გზა სუფთა ჰაერისკენ მიდის

სანამ ადამიანი ცხოვრებას ჩვეულებრივ რიტმს მიჰყვება, ჰაერის დაბინძურება გრძელდება, თუმცა ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, ჰაერის ხარისხი ბოლო წლებში შედარებით გამოსწორდა. თუ როგორ ახერხებენ ამას ევროპაში, ამის გარკვევა „ევრონიუსმა“ ვარშავის, ბრიუსელისა და კოპენჰაგენის მაგალითზე სცადა.

სანამ ჩვენ ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვათბობთ სახლებსა და მოგვყავს მოსავალი, ამ დროს მავნე აირებს გამოვყოფთ ჰაერში. ჩვენ ვსუნთქავთ ამ დაბინძურებულ ჰაერს და ყოველ წელს ევროპაში ათასობით ადამიანი ავადდება. თუმცა დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ჰაერის ხარისხის გამოსწორება შევძელით. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ ჰაერის ხარისხს უწყვეტად დავაკვირდეთ და გავაუმჯობესოთ კიდეც.

ვარშავა – ჰაერის დაბინძურების მიმართ მიდგომა შეიცვალა

პოლონეთში ჰაერის დაბინძურების დონე რეგულარულად აღწევს ევროპაში განსაზღვრულ ზედა ზღვარს. ამის კარგი მაგალითია დედაქალაქი ვარშავა, სადაც ზამთარში ჭვარტლის შავი ნისლი – სმოგიც კი იცის.

„როდესაც დაზამთრდება და ხალხი საკუთარი სახლების გათბობას იწყებს, ნამდვილი საშინელება ხდება,“- ამბობს ერთი პოლონელი ქალი.

აქ ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ქვანახშირით გათბობაა. ვარშავაში დაიწყეს კამპანია, რომ ჩაანაცვლონ ქვანახშირის ღუმელები, რომლებსაც ადგილობრივები „მხრჩოლავებს“ უწოდებენ. ქალაქში, ფაქტობრივად, უკვე აკრძალეს ისინი გასული წლის ოქტომბერში.

„ბოლო წლებში დიდი ცვლილებები მოხდა” – განმარტავს ვარშავის მცხოვრები მამაკაცი.  „ერთი საუკუნის წინანდელი სახლიც კი ბუნებრივ აირზე გადაიყვანეს. ჩვენთან სპეციალური პოლიცია აკონტროლებს ვითარებას, თვითონ მეზობლებიც კი ჩაერთნენ კონტროლში. ხალხმა უამრავი რამ ისწავლა.“

აქაური ჰაერის ხარისხი უწყვეტად უმჯობესდება, როგორც ამას მახლობლად მდებარე წყლის მონიტორინგის სადგურის მონაცემები აჩვენებს. სტატისტიკის მიხედვით, ვარშავაში სულ რამდენიმე წელიწადში ქვანახშირის ღუმელების რაოდენობა 17 ათასიდან 14 ათასამდე შემცირდა. თუმცა როგორც Polish Smog Alert-ის წარმომადგენელი  აქტივისტი პიოტრ სიერგიეი ამბობს, მათი რიცხვი მაინც მაღალია. Polish Smog Alert-ი სამოქალაქო მოძრაობაა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლო ათი წლის განმავლობაში.

ვარშავის მკვიდრი ზომავს ჰაერის დაბინძურების ხარისხს – Euronews

„ვცდილობთ, გამოვიყენოთ  მონაცემები,“ – ამბობს განმარტავს პიოტრი. „ვესაუბრებით ხალხს ამაზე და ისინი ამბობენ, რომ არავითარი დაბინძურება არ არის, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, როცა ვსუნთქავო. ჰაერი კი არის ცოტა ნაცრისფერი, მაგრამ ზამთარში ჰაერი ყოველთვის მონაცრისფროა!

ათი წლის წინ რომ გეკითხა ხალხისთვის, თუ რა იყო ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო, გიპასუხებდნენ, რა თქმა უნდა, ავტომობილიო. მაგრამ დღეს გეტყვიან, რომ ეს არის ქვანახშირის ღუმელი! ასე რომ, შევძელით შეგვეცვალა პოლონური საზოგადოების აღქმა ჰაერის დაბინძურების მიმართ. ახლა კი ხალხიდან პოლიტიკოსებზე უნდა გადავიდეთ.“

ჩვენ ვარშავის ქალაქის საკრებულოსკენ გავემართეთ, სადაც შევხვდით იაცეკ კისიელს, ყოფილ გარემოსდამცველს, რომელიც ახლა ქალაქში ჰაერის ხარისხზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენი პოპულარული პროგრამები ყოველდღე გადასცემენ პოლონეთში ჰაერის შესახებ ინფორმაციას,“ – ამბობს იაცეკი, რომელიც ახლა ვარშავის საკრებულოს ჰაერის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.   „გვაქვს ასევე  მობილური ტელეფონებისთვის აპლიკაციები.  უამრავი შეტყობინება შემოგვდის ჭვარტლის ნისლის დროს. ხალხმა დაიწყო ამ აპლიკაციის გამოყენება.“

იაცეკ კისიელი გარემოსდამცველი – Euronews

პოლონეთში სმოგის წინააღმდეგ ბრძოლის მოწინავე ხაზზე დედაქალაქი დგას. ეს ვარშავაში დამონტაჟებული სენსორებისა და ოფიციალური მონიტორინგის სადგურების ფართო ქსელების დამსახურებაცაა.

„ე.წ. მხრჩოლავების 70 პროცენტით შემცირებამ ძალიან გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი. მაგრამ ის საუკეთესო არ არის!“, – ამბობს იაცეკი.  „რადგან, მაგალითად, ჯერ კიდევ უამრავი ავტომობილი მოძრაობს. ვარშავაში მხრჩოლავი ღუმელები სრულად რომ გაქრეს, მაინც უამრავი ასეთი ღუმელი რჩება მის შემოგარენში, ამიტომ დაბინძურებული ჰაერი ვარშავაში ისევ შემოვა. ასე რომ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი“.

ბრიუსელი – მოსახლეობა თავად ზრუნავს ჰაერის ხარისხზე

პოლონეთი ჯერ კიდევ შორსაა მწვანე შეთანხმების მიერ დასახული ამბიციური მიზნისგან, რომელიც 2050 წლისთვის ჰაერის ნულოვან დაბინძურებას გულისხმობს.  თუმცა ბევრი რამ იცვლება. ხალხი უფრო მონდომებული გახდა, განსაკუთრებით ბელგიაში.

ბრიუსელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია აზოტის დიოქსიდის თვალსაზრისით. მავნე გამონაბოლქვის ორი-მესამედი საგზაო მოძრაობაზე მოდის.

აქ, ვარშავისაგან განსხვავებით, ქალაქის ცენტრია ყველაზე დაბინძურებული ადგილი, როგორც სამოქალაქო მეცნიერების რამდენიმე პროექტი ამტკიცებს. ამიტომ ბრიუსელში შეიქმნა რამდენიმე ათეული „ქუჩის სკოლა“, სადაც ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული ან აკრძალულია.

პიერ დორნიეს ასოციაცია Les chercheurs d’air-ის წარმომადგენლებმა სთხოვეს ხალხს, რომ საკუთარ სახლებში ჰაერის დაბინძურების დონე  სპეციალური სინჯარებით გაეზომათ.

„ვიცით, რომ აქ საშუალო მაჩვენებელია 50 მილიგრამი ერთ კუბურ მეტრზე, რაც ხუთჯერ აღემატება ჯანმოს რეკომენდაციას,“ – გვიხსნის პიერი და ხაზს უსვამს, რომ ამის გამო ბავშვებს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ. „ისინი ტანად  პატარები არიან ამიტომ უფრო ახლოს არიან იმ მილებთან, რომლებიც გამონაბოლქვს გამოყოფენ. ამიტომაც ბავშვების დაცვა ჰაერის დაბინძურებისაგან პრიორიტეტია“.

პიერ დორნიე – Euronews

დაბინძურებასთან დაკავშირებით სოციალური უთანასწორობაც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ბრიუსელელმა კვენტინ ასკაიეფმა შედარებით ღარიბ უბნებში ჩაატარა კვლევა.

„დიახ, ჩვენ ბრიუსელის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში ვართ. აქ ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის  დონე უფრო მაღალია. ჰაერი თითქოს მუქი იისფერია. მაჩვენებელი მწვანიდან შავზე ჩამოვიდა. აქ საშინელება ხდება,“ – ამბობს კვენტინი.  „სინჯარა ცოტა დაბლა იყო დამაგრებული და 2 მეტრის სიმაღლეზე ავწიეთ. აი, ასეთია ბრიუსელის მთავარი ბულვარი. ყოველ თვეში ორი სინჯარის განთავსება მიხდება. და ყოველ თვეში ამ სინჯარებს ლაბორატორიაში ვაგზავნი.“

რომ გვენახა, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, ანტვერპენის უნივერსიტეტში მივედით, სადაც პროფესორ ფილიპ მეისმანს შევხვდი – სამოქალაქო მეცნიერების ვარსკვლავს.

მის ასოციაციაში 20 000 მოხალისეა, რომლებიც ჰაერს მთელ ფლანდრიასა და ბრიუსელში ამოწმებენ. მათ შედეგებს კი ბელგიური პრესა  პირველ გვერდზე ბეჭდავს.

პროფესორი ფილიპ მესიმანი – Euronews

„ჩვენს მონაცემებს კომპიუტერული მოდელირების გაუმჯობესებისთვის ვიყენებთ და ამ გზით მოქალაქეებს თავად შეუძლიათ, შეიტანონ წვლილი პოლიტიკის გაუმჯობესებაში. ამას კი მონაცემები გვაჩვენებს. ჰაერის ხარისხი უმჯობესდება. ასე რომ, ჰაერის ხარისხზე მიმართული პოლიტიკა ამართლებს,“ – ამბობს ფილიპი.

კოპენჰაგენი – ვითარება ყველა დამაბინძურებელი ნივთიერების კუთხით გაუმჯობესდა

კოპენჰაგენში ის ქალაქია, რომელშიც ევროპის გარემოს დაცვის სააგანტოს სათავო ოფისი მდებარეობს. ამ სააგენტოს ერთ-ერთი ექსპერტი ალბერტო გონსალეს ორტისი დაგვთანხმდა, რომ მათი სააგენტოს მიერ ჩაშვებული ერთ-ერთი აპლიკაცია ეჩვენებინა: ევროპის ჰაერის ხარისხის ინდექსი, რომელიც მონაცემებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტული 4 ათასი მონიტორინგის სადგურიდან აგროვებს.

ალბერტო გონსალეს ორტისი, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ჰაერის ხარისხის ექსპერტი:

„ჩვენ აქ, კოპენჰაგენში, ვიმყოფებით და ვხედავთ, რომ ვითარება კარგია, რადგან აქ ხშირად იცის ქარი და დაბინძურებულ ჰაერს ანიავებს. შეგიძლია, რომ ამ სადგურზე არსებული ვითარება სხვა სადგურებისას შეადარო. მაგალითად, თუ გსურს, რომ ნაშუადღევს ირბინო, შეგიძლია შეარჩიო შესაფერისი დრო, როდესაც ჰაერის დაბინძურება არც ისე მაღალია და ასევე აირჩიო გზა, რომელზეც ირბენ.

უამრავი კანონი არსებობს მრეწველობასთან დაკავშირებით. გვაქვს ინდუსტრიული გამონაბოლქვის დირექტივები.  ასევე გვაქვს ევროსტანდარტი, რომელიც ავტომობილებს ეხება. და, რა თქმა უნდა, გვაქვს ჰაერის ხარისხის მარეგულირებელი კანონმდებლობა“.

ალბერტო გონსალეს ორტისი, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ჰაერის ხარისხის ექსპერტი – Euronews

ალბერტო დარწმუნებულია, რომ ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ,  უფრო სუფთაა ახლა უწინდელთან შედარებით:

„ვხედავთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა თითქმის ყველა დამაბინძურებელი ნივთიერების თვალსაზრისით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპტიმალური მდგომარეობა გვაქვს, რადგან ისიც ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხო ზღვრები. მიზანი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის კუთხით, რომ რაც შეიძლება შევამციროთ ეს კონცენტრაცია და კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა და უფრო უკეთ დავიცვათ მოქალაქეები“.

ავტორი: სირილ ფურნერისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend