მთავარიმსოფლიოევროკავშირი და მერკოსურის ქვეყნები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობენ

ევროკავშირი და მერკოსურის ქვეყნები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობენ

ორშაბათს ბერლინში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში გაფორმდება ფართო სპექტრის შეთანხმება, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას უკავშირდება. მათ განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირსა და მერკოსურის ბლოკის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. შეთანხმების შედეგად შეიქმნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელშიც გაერთიანებული იქნება 700 მილიონზე მეტი ადამიანი.

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა კიდევ ერთხელ ესაუბრა კანცლერს ევროკავშირის პერსპექტივის შესახებ. მათ საბოლოოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სურთ თუ არა ამ დაბალანსებული შეთანხმების გაფორმება. მისი შეფასებით, გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის კონტექსტში მათი რეგიონების დაახლოება მნიშვნელოვანია მულტიპოლარული სამყაროს მშენებლობისა და მულტილატერალიზმის განმტკიცებისთვის.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭოსა და პარლამენტის წევრთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ შეთანხმების გაფორმებას, თუ საბოლოოდ წარმატებით დასრულდება მოლაპარაკების პროცესი. იგი ყველა მხარეს  სთხოვს, პრაგმატულად მოეკიდონ საქმეს და კომპრომისისთვისაც მზად იყვნენ, რათა საბოლოოდ გააფორმონ ეს შეთანხმება.

ევროკავშირი მერკოსურის ქვეყნებთან უკვე 20 წელია მართავს მოლაპარაკებას. ძირითადი შეთანხმება 2019 წელს შედგა, თუმცა მისი განხორციელება  სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა. მაგალითად, იმის გამო, რომ სამხრეთ ამერიკაში ტროპიკული ტყეების განადგურების საფრთხე არსებობდა ან ის, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ცდილობდა,  ადგილობრივი ფერმერები დაეცვა მერკოსურის ქვეყნებიდან იაფი იმპორტისგან.

ორმა ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც  სოციალურად სამართლიანი და ეკოლოგიური ტრანსფორმაციის საკითხებში პარტნიორობას ითვალისწინებს. მათ ასევე განაცხადეს, რომ აპირებენ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ სოციალურ ქსელებში გამოვლენილი სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend