მთავარისაქართველო"პელე" და სხვები...

“პელე” და სხვები…

პელე თბილისის გასასვლელში, სანაგვესთან მიტოვებული და დაშავებული იპოვა როლანდ სარალიძემ, შეიფარა და უმკურნალა. პელე ცხოვრობს როლანდის 28 ძაღლთან ერთად, რომლებიც როლანდმა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დაზიანებით იპოვა.

„ძალიან ხშირია შემთხვევები სოფლებში, როცა გამოდიან და თოფს ესვრიან, მიზეზი არის ათასნაირი, ძაღლს ვერ ვაჭმევ, ან არ მიყვარს, ან გადავაგდე და ისევ მობრუნდა, ანუ არის ასეთი არაადამიანური მოქცევა ცხოველებთან. ბევრი მყავს, რა თქმა უნდა, ვისაც უყვარს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაშია სადღაც 50 000 ძაღლი და ჩვენ მოყვარულები ვართ თითებზე ჩამოსათვლელი, სიტუაციაა საშინელი და ამის მოგვარება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ მთავრობა არ ჩაერევა და არ მოუნდება, რომ თავის ქვეყანაში გამოსწორდეს მდგომარეობა“, – ამბობს როლანდ სარალიძე. 

ქუჩაში რომ ბევრი მიუსაფარი ცხოველია, ამას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოშიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ ცხოველების გამრავლების კონტროლი ძნელია, რადგან საქართველოში ჯერაც არ არის მიღებული კანონი შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ. რა მოხდება, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს….

 „კანონის მიხედვით, მოხდება პასუხისმგებლობის ამაღლება  ცხოველების მეპატრონეებისათვის, ასევე მოხდება შეზღუდვის დაწესება მომშენებლებისათვის, იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს და შემდეგ არასასურველ ლეკვებს ტოვებენ ქუჩაში, რაც შემდეგ სახელმწიფოს აწვება, ვფიქრობ, გამრავლების წყაროების შეზღუდვა როდესაც მოხდება და უკონტროლოდ აღარ მოხდება ცხოველების გამრავლება, შემდეგ ჩვენი ყოველდღიური მუშაობა გაცილებით უფრო ეფექტური იქნება და იმ მიზანს, რომელიც არის ჩვენი, რომ ქუჩაში საერთოდ არ იყოს მიუსაფარი ცხოველი, გაცილებით მალე მივაღწევთ“,- ამბობს გიორგი კობიაშვილი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი.

ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ პრობლემა ძალიან ბევრია, რომლის მოგვარებასაც სისტემური მიდგომა სჭირდება, თუმცა ახლა მთავარია, აღირიცხონ ის ცხოველები, რომლებსაც პატრონი ჰყავთ, რომ ეს ცხოველები ქუჩაში არ აღმოჩნდნენ…

„პირველი ევროკავშირის სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან მიახლოებული კანონი, რომელიც მიმართული იქნება ყველა ცოცხალი არსების დაცვაზე და მათ უფლებებზე და მეორე რეკომენდაცია,  დამტკიცებულია წლების განმავლობაში, რომ ხოცვა არ არის გამოსავალი, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ისევ იბადებიან და მეორე გარეული ცხოველები შემოვლენ ქალაქში. ამიტომ, პირველი ეს არის მასობრივი სტერილიზაცია და მთელი რესურსის მიმართვა ამაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, ამაში ჩართული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ისევ მოსახლეობა, რომელიც განუსაზღვრელად მეტად არის ჩართული, ვიდრე იყო, ისინი თავის ფულს ხარჯავენ იმაში, რომ მოწესრიგდეს ეს პრობლემა. ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მონიტორინგმა აღრიცხოს პატრონიანი ცხოველები, ახლა თვლიან, რომ დაითვალეს ქუჩაში მყოფი ცხოველები, ამის დათვლა შეიძლება ბოლოში ხდებოდეს და არა თავში, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკუღმა დავიწყეთ და სტერილიზაცია, რომელიც უნდა იყოს კონვეიერულად და მასობრივად მთელი თბილისის ტერიტორიაზე და არა რეკვა და იცით, ჩადექით რიგში, მოამზადონ ვეტერინარები, დასვან და აკეთონ ეს განუწყვეტლივ, კიდევ ბევრი სხვა რამ არის. მაგრამ უმთავრესია, პატრონიანი ცხოველების აღრიცხვა, რომ არ გაყარონ ქუჩაში. სტერილიზაცია დაავალდებულონ, ან თუ იყვანს თავშესაფრიდან, უკვე გასტერილებული უნდა გადიოდეს, მასობრივად ასტერილებდნენ, აკედლებდნენ, ეს რომ 7 წლის წინ დაწყებულიყო, როცა ჩვენ შევიტანეთ კანონი, დღეს უკვე ბოლოში ვიქნებოდით, იმიტომ რომ 70% გასტერილებული ძაღლების ითვლება, რომ პრობლემა გვარდება“, – ამბობს თინათინ ჭავჭანიძე, ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე. 

ჯერ არავინ იცის, როდის შეძლებს სახელმწიფო ამ პრობლემების მოგვარებას.  წინ კი ცივი ზამთარია.  მოსახლეობის თხოვნის შემდეგ მონიტორინგის სამსახურმა ზოგ  ადგილას დადგა სახლები, თუმცა ეს საკმარისი არაა… თბილისისა და რეგიონების  ქუჩებში ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველია…

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend