მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი: "ისრაელ-"ჰამასის" ომმა შესაძლოა, უკრაინისადმი ყურადღება მოადუნოს"

ზელენსკი: “ისრაელ-“ჰამასის” ომმა შესაძლოა, უკრაინისადმი ყურადღება მოადუნოს”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ადგილზე იგი რეგიონულ მეთაურებს შეხვდა და ხუთი ჯარისკაცი მედლებით დააჯილდოვა. შეხვედრას უკრაინის ჯარების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკიც, ესწრებოდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო მოსამსახურეს აჯილდოებს, ხარკივის რეგიონი, უკრაინა, 30 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Efrem Lukatsky

,,ვიცი, რომ თქვენ ყოველდღე კარგავთ ახლო ადამიანებს, თქვენს თანამებრძოლებს. ყველას გვესმის, რომ თუ რამხელა მსხვერპლის გაღება გიწევთ. ამიტომ გთხოვთ, იყოთ ფრთხილად, გაუფრთხილდეთ თქვენ გვერდით მყოფებს: თანამებრძოლებს, ოფიცრებს, რიგით ჯარისკაცებს, რომლებიც ყოველდღე თქვენ გვერდით იბრძვიან… რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ უკრაინისთვის. გისურვებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად ომმა ახალ ფაზაში გადაინაცვლა და დამატებით სირთულეებს ელის.

,,ფაქტია, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად ომის ახალი ფაზა იწყება. ზამთარში ომი ფრონტის ხაზებიდან ქალაქებში ინაცვლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ დროს მტერი მეტ დრონს იყენებს და ხშირდება სარაკეტო თავდასხმა, მათ შორის ბალისტიკური. ამიტომაა ზამთარში ომი განსაკუთრებით რთული“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევამ იარაღისა და სახმელეთო ძალების ნაკლებობის გამო სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. მან ისაუბრა იმის საშიშროებაზეც, რომ ისრაელ-“ჰამასის” ომის ფონზე დასავლელი პარტნიორების შეზღუდული სამხედრო დახმარებისა და დაპირისპირებული პოლიტიკური დღის წესრიგის გამო მსოფლიოს ყურადღება იფანტება და ამან შესაძლოა, უკრაინისთვის რუსეთის აგრესიასთან გამკლავება გაართულოს.

,,ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა მიიპყრო. ეს ფაქტია. ჩვენ გონიერი ხალხი ვართ, გვესმის, რომ ყურადღებისთვის ბრძოლა გვჭირდება. ვერ დავუშვებთ, რომ ადამიანებმა ეს ომი დაივიწყონ. ეს არის სრულმასშტაბიანი, გლობალური მნიშვნელობის ომი, ყველაზე დიდი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გვესმის, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენი მოკავშირეების ყურადღების გაფანტვას. ყურადღება დახმარებას ნიშნავს. ყურადღების გარეშე ჩვენ არ გვექნება მხარდაჭერა“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთი დიდი ალბათობით, ნატოში შეიჭრება. მან თქვა, რომ ახლა უკრაინის პრიორიტეტი ეროვნული იარაღის წარმოებაა. ამისთვის კი დასავლური სესხები და კონტრაქტებია აუცილებელი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არაფერი აშინებს რუსეთს ისე, როგორც სამხედრო შესაძლებლობებით თვითკმარი უკრაინა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესახებაც ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსული ინტერვენციის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე უკრაინულმა არმიამ რუსი ოკუპანტების მიერ წართმეული ტერიტორიის ნახევარი დაიბრუნა და რომ გამოწვევების მიუხედავად უკრაინა უკან დახევას არ აპირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend