მთავარისაქართველოთბილისის კინოფესტივალზე ,,ჰამასის" თავდასხმის დროს დაღუპული რეჟისორის ფილმი აჩვენეს

თბილისის კინოფესტივალზე ,,ჰამასის” თავდასხმის დროს დაღუპული რეჟისორის ფილმი აჩვენეს

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იაჰავ ვინერის ფილმის, “ბიჭი” სპეციალურ ჩვენება გაიმართა. იაჰავი იყო ისრაელელი კინოშემოქმედი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს მოკლეს. ის მეუღლესა და ახალშობილ შვილს იცავდა. ფილმი სახელწოდებით ,,ბიჭი” იაჰავის სტუდენტური ნამუშევარია, რომელიც თავისი პირადი მოგონებების საფუძველზე შექმნა. ფილმი იმ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც იაჰევი ღაზის სექტორის საზღვართან, კიბუც კფარ-აზაში, იზრდებოდა. ფილმმა მიუნხენის სტუდენტურ კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ფილმის ჯილდოები მოიპოვა. დღევანდელ ჩვენებას ისრაელის კინოფონდის ყოფილი ხელმძღვანელი კატრიელ შორი და ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი ესწრებოდნენ.

“იაჰავ ვინერი ღაზის სექტორის საზღვართან დაიბადა და გაიზარდა. ის უაღრესად ნიჭიერი კინოშემოქმედი იყო. მისი ფილმი ძალიან პირადული და დახვეწილია. გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს ცხოვრობდე ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს, მუდამ ომისა და კონფლიქტის საფრთხის ქვეშ. იაჰავის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. ეს ფილმი ქართველ მაყურებელს დაანახებს, თუ როგორია ცხოვრება ღაზის სექტორთან”, – ამბობს ჰადას მეიცადი.

“ეს ფილმი ძალიან კარგად წარმოაჩენს, თუ სინამდვილეში რას ნიშნავს ღაზის სექტორის საზღვართან ცხოვრება. კიბუცი, სადაც იაჰავ ვინერი ცხოვრობდა, საზღვრიდან სულ რაღაც 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს. იაჰავმა იქ დარჩენა გადაწყვიტა და შედეგად უდიდესი მსხვერპლის გაღებაც მოუწია. ამ ახალგაზრდა რეჟისორს ძალიან კარგად ვიცნობდი. საოცარია, როგორ დაიცვა და გადაარჩინა საკუთარი მეუღლე და ახალშობილი, 1 თვის შვილი. მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედია და დანაკარგია. იაჰავი დიდ ფილმზე მუშაობდა და ძალიან ახლოს იყო მის დასრულებასთან”, – განაცხადა კატრიელ შორიმ.

“ეს არის ჩვენი სოლიდარობა, რომელიც გვსურს გამოვხატოთ როგორც კინემატოგრაფისტებმა ამ ახალგაზრდა ადამიანის მიმართ. ვაჩვენებთ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბიჭი დაიღუპა, ასეთი ახალგაზრდა რეჟისორი, არამედ ეს არის შესანიშნავი, პატარა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ტრავმირებულ ახალგაზრდაზე. ტრავმირებული იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც არის შექმნილი უშუალოდ ღაზის სექტორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის მხარეს. ამ დაძაბულობას ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერ უძლებს. ეს არის ფილმი, რომელიც ომის საწინააღმდეგოდ არის გადაღებული. ძალიან ღრმა აზრია მასში ჩადებული და ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებდა ჩვენს ფესტივალზე ჩვენებას”, – ამბობს გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend